მარგარეტი (სნოუდონის გრაფინია)
From Wikipedia, the free encyclopedia
პრინცესა მარგარეტი, სნოუდონის გრაფინია (ინგლ. Princess Margaret, Countess of Snowdon; დ. 21 აგვისტო, 1930, გლემისის სასახლე, ანგუსი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო — გ. 9 თებერვალი, 2002, მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფო, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — უინძორების დინასტიის წარმომადგენელი. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ VI-ისა და დედოფალ ელისაბედ ბოუზ-ლაიონის მეორე და ნაბოლარა შვილი, დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი და ერთადერთი და.
პრინცესა მარგარეტი | |
---|---|
სრული სახელი
მარგარეტ როუზ უინძორი | |
წოდებები
სნოუდონის გრაფინია | |
დაიბადა |
21 აგვისტო, 1930 გლემისის სასახლე, ანგუსი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
გარდაიცვალა |
9 თებერვალი, 2002, (71 წლის) მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფო, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საგვარეულო | უინძორები |
მეუღლე(ები) |
ანტონი არმსტრონგ-ჯონსი, სნოუდონის ერლი (ქ. 1960 - განქ. 1978) |
შვილ(ებ)ი |
დევიდი, სნოუდონის ერლი სარა |
მამა | ჯორჯ VI, დიდი ბრიტანეთის მეფე |
დედა | ელისაბედ ბოუზ-ლაიონი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ბავშვობის დიდი ნაწილი მარგარეტმა მშობლებთან და დასთან ერთად გაატარა. მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა ექვსი წლის ასაკში, როდესაც ბიძამისი, მეფე ედუარდ VIII ტახტიდან გადადგა უოლის სიმპსონზე დასაქორწინებლად. ამის შემდეგ ტახტს მარგარეტის მამა იკავებს და იგი მისი რიგით მეორე მემკვიდრე ხდება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის და მისი და უინძორის სასახლეში დარჩნენ, მიუხედავად არსებული საფრთხისა. ვინაიდან ომის წლებში მარგარეტი ძალიან ახალგაზრდა იყო, თავისი ოფიციალური მოვალეობების შესრულების ნაცვლად იგი სწავლას განაგრძობდა.
ომის შემდეგ მარგარეტს ჯგუფის კაპიტანი პიტერ ტაუსენდი შეუყვარდა. 1952 წელს ჯორჯ VI გარდაიცვალა და ტახტს მარგარეტის და, დედოფალი ელისაბედ II იკავებს, რომელმაც მოსალოდნელი სკანდალის თავიდან ასაცილებლად მათ ქორწინების ორი წლით გადადება სთხოვა. მიუხედავად მოცდისა, მთავრობამ და ინგლისის ეკლესიამ უარი განაცხადა მარგარეტისა და პიტერის ქორწინებაზე, რამეთუ იგი განქორწინებული კაცი იყო. საბოლოოდ, მარგარეტი დაშორდა ტაუსენდს და 1960 წელს დაქორწინდა ფოტოგრაფ ანტონი არმსტრონგ-ჯონსზე, რომელსაც დედოფალმა სნოუდონის ერლობა უბოძა. წყვილს ერთი ვაჟი, დევიდი, და ერთი გოგონა, სარა შეეძინათ, 1978 წელს კი განქორწინდნენ.
მარგარეტი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წევრი იყო. მისი განქორწინების საქმემ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია და შემდეგი წლების განმავლობაშიც მისი პირადი ცხოვრება მედიისა და ოჯახის მხრიდან მწვავე სპეკულაციების ქვეშ იყო მოქცეული. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მარგარეტი აქტიური მწეველი იყო, ამიტომაც 1985 წელს მას ფილტვებზე ოპერაცია ჩაუტარდა, 1993 წელს ძლივს გადაიტანა ფილტვების ანთება, 1998-2001 წლებში კი ინსულტის სამ შეტევას გაუძლო. იგი გარდაიცვალა 2002 წელს ლონდონში, მეოთხე ინსულტის შედეგად.