მაკაოს ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
1999 წელს მაკაოს ჩინეთისთვის გადაცემის შემდეგ მაკაოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა მსოფლიოში. ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტანსაცმლის ექსპორტი და აზარტული თამაშების ტურიზმია. მაკაოს ნაყოფიერი მიწები არ აქვს და არც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, რის გამოც კონტინენტურ ჩინეთზეა დამოკიდებული საკვების, მტკნარი წყლისა და ენერგიის იმპორტის მხრივ. ნედლეულისა და კაპიტალური საქონლის მთავარი მიმწოდებლები იაპონია და ჰონგ-კონგი არიან. მართალია 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისისა და 2000-იანი წლების რეცესიის დროს მაკაო ძლიერ დაზარალდა, მაგრამ 2001-2006 წლებში მისი ეკონომიკა საშუალოდ 13.1%-ით იზრდებოდა.[1] მაკაო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრული წევრია.[2] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის გადაცემის შემდეგ მაკაოში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აზარტული თამაშების ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებით მაკაოს მთავრობამ სოციალური ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაკაოს მოქალაქეთათვის 15 წლიანი უფასო განათლება უზრუნველყო.[3] 2015 წელს მაკაოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა (26.4%-ით წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით), რაც მეტწილად ანტიკორუფციული კამპანიის დაწყების შემდეგ კონტინენტური ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების მიერ ნაკლები დანახარჯებით იყო განპირობებული.[4]
2007 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე მაკაოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 31.7%-ით გაიზარდა.[1] კონტინენტური ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას მოგზაურობაზე შეზღუდვების შერბილებამ შეუწყო ხელი. მაკაოში აზარტული თამაშების ინდუსტრიის ლიბერალიზაციის შემდეგ ამ სფეროში ინვესტიციების ზრდამ ეკონომიკის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
მაკაოს პატაკას გარდა სარეზერვო ვალუტის ფუნქციას ჰონგ-კონგური დოლარი ასრულებს. მაკაოს პატაკასა და ჰონგ-კონგურ დოლარს შორის გაცვლითი კურსი თითქმის თანაბარია: 1 ჰონგ-კონგური დოლარი 1.03 მაკაოს პატაკას უდრის.[5] 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო მაკაომ კოლაფსი განიცადა და მისი ეკონომიკა 50%-ით შემცირდა.[6]