მადაგასკარი
From Wikipedia, the free encyclopedia
მადაგასკარი, ოფიციალურად მადაგასკარის რესპუბლიკა (მალაგ. Repoblikan'i Madagasikara, ფრანგ. République de Madagascar) და თავდაპირველად ცნობილი, როგორც მალაგასის რესპუბლიკა — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროსთან, რომლისგანაც მოზამბიკის სრუტითაა გამოყოფილი. ქვეყანა მოიცავს კუნძულ მადაგასკარსა (მეოთხე უდიდესი კუნძული მსოფლიოში) და მრავალ მცირე პერიფერიულ კუნძულს. ფართობი — 587 041 კმ², მოსახლეობა — 21 842 167 ადამიანი[1]. დედაქალაქი — ანტანანარივუ.
მადაგასკარის რესპუბლიკა Repoblikan'i Madagasikara République de Madagascar Republic of Madagascar მადაგასკარი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Ry Tanindrazanay malala ô! |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ანტანანარივუ 18°55′ ს. გ. 47°31′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | მალაგასიური ფრანგული |
|||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ერი რაძაუნარიმამპიანინა | ||||
- | პრ.-მინისტრი | ჟან რაველონარივო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 587 041 კმ2 (47-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.009 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 22 005 222 (53-ე) | ||||
- | 2013 აღწერა | 21 842 167 | ||||
- | სიმჭიდროვე | 37,21 კაცი/კმ2 (174-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასებით | |||||
- | სულ | $11,188 მილიარდი (123-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $475 (169-ე) | ||||
აგი (2007) | 0.533 (საშუალო) (143-ე) | |||||
ვალუტა | მადაგასკარის არიარი (MGA ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | MDG | |||||
Internet TLD | .mg | |||||
სატელეფონო კოდი | 261 |
სუპერკონტინენტ გონდვანას პრეისტორიული დაშლის შედეგად, მადაგასკარი გამოეყო ინდოეთს დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ, რამაც განაპირობა კუნძულის ფლორისა და ფაუნის იზოლირებული განვითარება, რის გამოც მადაგასკარი არის უნიკალური ქვეყანა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომლის ველური ბუნების 90 პროცენტზე მეტი ენდემურია და მთელ პლანეტაზე სხვაგან არსად გვხვდება, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ მზარდი მოსახლეობისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემების გამო კუნძულის ეკოსისტემასა და უნიკალურ ველურ ბუნებას საფრთხე ემუქრება.
კუნძულზე ადამიანის პირველი დასახლებები გაჩნდა ძვ. წ. 350 წლიდან ახ. წ. 550 წლამდე პერიოდში ავსტრონეზიელების მიერ, რომლებიც კანოეებით ჩამოვიდნენ კუნძულ ბორნეოდან. დაახლოებით 1000 წლისათვის მათ შეუერთდა ბანტუს ხალხი, რომელიც მადაგასკარზე აღმოსავლეთ აფრიკიდან მოზამბიკის სრუტის გადალახვის შედეგად ჩავიდა. სხვა ეთნიკური ჯგუფები კუნძულზე დროთა განმავლობაში სახლდებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურის ჩამოყალიბებაში. მადაგასკარის მოსახლეობას ხშირად ყოფენ თვრამეტ ან მეტ ქვეჯგუფად, რომლის უდიდეს ეთნოსსაც ცენტრალურ მთიან რეგიონებში მცხოვრები მერინას ხალხი წარმოადგენს.
XVIII საუკუნის ბოლომდე კუნძულს მართავდნენ სოციალურ-პოლიტიკური ალიანსები. XIX საუკუნის დასაწყისისათვის მადაგასკარის უმეტესი ნაწილი გაერთიანებული იყო, როგორც მადაგასკარის სამეფო, რომელსაც მერინელი დიდებულები მართავდნენ. სამეფო დაემხო 1897 წელს, როდესაც ფრანგმა კოლონიზატორებმა სამეფო ხელისუფლება გააუქმეს, ხოლო ქვეყანა საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი გახადეს. მადაგასკარმა დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა. 1992 წლიდან ქვეყანა ოფიციალურად იმართება საკონსტიტუციო დემოკრატიის საფუძვლებზე დედაქალაქ ანტანანარივუდან.
2012 წლისათვის მადაგასკარის მოსახლეობა შეფასდა 22 მილიონზე მეტი ადამიანით, რომლის 90 პროცენტიც დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობს. მალაგასიური და ფრანგული ქვეყნის ოფიციალური ენებია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღიარებს ტრადიციულ რელიგიას, ქრისტიანობას ან ორივეს გაერთიანებულ ვარიანტს. ეკოტურიზმი და სოფლის მეურნეობა, განათლებაში, ჯანდაცვასა და კერძო წარმოებაში ჩადებულ დიდ ინვესტიციებთან ერთად, მადაგასკარის განვითარების სტრატეგიის უმთავრესი ელემენტებია. 2014 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკა დაასუსტა ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, მოსახლეობის ცხოვრების დონე კი კვლავ დაბალი რჩება, რაც, გარკვეულწილად, გამოწვეულია ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობაზე არათანაბარი გადანაწილებით.