ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (გერმ. Ludwig van Beethoven; გერმანულად: [ˈluːtvɪç fan ˈbeːtˌhoːfn̩] ( მოსმენა); მოინათლა 17 დეკემბერი, 1770 — გ. 26 მარტი, 1827) — გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი; ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორი დასავლური მუსიკის ისტორიაში. მისი ნაწარმოებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებულია კლასიკური მუსიკის რეპერტუარში. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში. მოხერხებულობისათვის, მისი კარიერა იყოფა ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად. ადრეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მისი ხელოვნება ჩამოყალიბდა, 1802 წლამდე გრძელდება. 1802-დან დაახლოებით 1812 წლამდე, შუა პერიოდში, ადგილი ჰქონდა მისი ინდივიდუალური სტილის განვითარებას იოზეფ ჰაიდნისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კლასიკური სტილიდან; ეს პერიოდი, ზოგჯერ, ხასიათდება, როგორც „გმირული“. ამ დროს დაიწყო და განუხრელად გაგრძელდა მისი სმენის დაქვეითება. 1812 წლიდან გარდაცვალებამდე (1827), გვიანდელ პერიოდში, ვხედავთ ინოვაციებს მუსიკალურ ფორმასა და გამომსახველობაში.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | სავარ. 16 დეკემბერი, 1770(1770-12-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ბონი, Electorate of Cologne, საღვთო რომის იმპერია[8] [1] [9] [2] [10] [11] |
გარდ. თარიღი | 26 მარტი, 1827(1827-03-26)[8] [12] [1] [9] [2] [3] [13] [4] [14] [15] [6] [16] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [10] [24] [25] [26] [27] [19] [11] [7] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა, ავსტრიის იმპერია[8] [9] [1] [10] [11] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო და Q38103979? |
ეროვნება | გერმანელები და ფლამანდიელები |
ხელმოწერა | |
საიტი | beethoven-haus-bonn.de[28] |
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ვიკისაწყობში |
დაიბადა ბონში. აშკარა მუსიკალური ნიჭი ადრეული ბავშვობიდან გამოავლინა. ამ პერიოდში მის მკაცრ და ინტენსიურ მუსიკალურ განათლებას მამა, იოჰან ვან ბეთჰოვენი ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით, სწავლობდა კომპოზიტორ და დირიჟორ კრისტიან გოტლობ ნეფესთან, რომელიც ხელმძღვანელობითაც, 1783 წელს, გამოსცა პირველი ნაწარმოები, ვარიაციები კლავიშისათვის. დაძაბული და დისფუნქციური ოჯახური ცხოვრებიდან შვებას ჰელენ ფონ ბროინინგის ოჯახში პოულობდა, რომლის შვილებთანაც მეგობრობდა და მათ მუსიკას ასწავლიდა. 21 წლის ასაკში ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კომპოზიციას ჰაიდნთან სწავლობდა. მალევე მოიპოვა ვირტუოზი პიანისტის რეპუტაცია და იღებდა შეკვეთებს თავად კარლ ალოის ლიხნოვსკისგან, რისი შედეგიც იყო საფორტეპიანო ტრიოები, თხზ. 1 (ყველაზე ადრეული ნაწარმოებები თხზულების ნომრით, 1795).
მისი პირველი დიდი საორკესტრო ნაწარმოები, სიმფონია №1 1800 წელს გამოიცა, ხოლო პირველი 6 სიმებიანი კვარტეტი (თხზ. 18), 1801 წელს. ამ პერიოდში დაიწყო მისი სმენის დაქვეითება, თუმცა, აგრძელებდა დირიჟორობას და თავად წარადგინა საკუთარი მე-3 (1804) და მე-5 (1808) სიმფონიების პრემიერები. 1806 წელს გაიმართა მისი სავიოლინე კონცერტის პრემიერა, ხოლო 1810 წელს მისი მე-5 საფორტეპიანო კონცერტის (თხზ. 73, „იმპერატორი“). ეს უკანასკნელი მის მფარველს, ავსტრიის ერცჰერცოგ რუდოლფს ეძღვნებოდა და მის პრემიერაზე ბეთჰოვენი, დაქვეითებული სმენის გამო, სოლისტი არ ყოფილა. 1814 წლისათვის თითქმის სრულიად ყრუ იყო; ამ დროს შეწყვიტა საჯარო გამოსვლები და პერფორმანსები. ჯანმრთელობის პრობლემებსა და წარუმატებელ პირად ცხოვრებაზე წერს ორ წერილში. მათგან პირველი, ე.წ. „ჰაილიგენშტადტის ანდერძი“ (1802) წელს ძმებს გაუგზავნა, ხოლო ადრესატი 1812 წელს დაწერილი წერილისა „უკვდავ სიყვარულს“, დღემდე უცნობია.
1810 წლიდან სოციალურად სულ უფრო ჩაკეტილმა ბეთჰოვენმა შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებულ ნაწარმოებები, მათ შორის, გვიანდელი სიმფონიები, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო სონატები. მისი ერთადერთი ოპერა, „ფიდელიო“, 1805 წელს შესრულდა, ხოლო 1814 წელს მოხდა მისი რევიზია და საბოლოო ვერსიის შექმნა. 1819-1823 წლებში შექმნა „საზეიმო მესა“ (Missa Solemnis), ხოლო 1822-1824 წლებში ბოლო, მე-9 სიმფონია, რომელიც ერთ-ერთი პირველი საგუნდო სიმფონიაა. 1825-1826 წლებში შექმნილი გვიანი სიმებიანი კვარტეტები მის ბოლო მიღწევებს წარმოადგენს. რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდნილი ბეთჰოვენი 1827 წელს გარდაიცვალა. მისი ნაწარმოებები კლასიკური რეპერტუარის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს.