ლაკლაკი
ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ლაკლაკი,[1][2] თეთრი ყარყატი,[3][4] ყარყატი[2] (ლათ. Ciconia ciconia) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 155–165 სმ,[3] მასა 4 კგ-მდე.[5] სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი ბუმბულები მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი ნისკარტი და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი.[3] შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია ევროპის ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, წინა აზიაში და შუა აზიის ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ ერაყში, ირანსა და ინდოეთში.[5] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას,[3][6] აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის და გომარეთის ვაკეზე, წალკის პლატოზე, სამსრის და ჯახახეთის ქედების ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია ზღვის დონიდან 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული.[7] მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს.[5] ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს.[6] უპირატესობას ანიჭებს ღია, ცალკეულხეებიან ლანდშაფტებს,[6] ბინადრობს ტბებისა და მდინარეების წყალმარჩხ ადგილებში, ჭაობებში, ნესტიან მდელოებსა და მინდვრებში; ხშირად სახლობს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, უხერხემლოებით, თევზით, მღრღნელებით, ფრინველთა კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. მონოგამური ფრინველია, განსაკუთრებით კონსერვატიული კი ბუდობის ადგილის შერჩევისას.[5] თუმცა, თუკი დედალი გამოზამთრების ადგილიდან დაბრუნებას დაიგვიანებს, მამალმა შეიძლება ახალი მეწყვილე მოიყვანოს ბუდობის ადგილზე, წინა მეწყვილის დაბრუნების შემთხვევაში კი სასტიკი ორთაბრძოლა იმართება დედლებს შორის.[8] მასიურ (1 მეტრის სიმაღლისა და 1,5 მეტრის დიამეტრის) ბუდეს ტოტებისაგან აგებს ხის ვარჯზე, კლდის საფეხურებზე, სახლის სახურავებზე, სპეციალურად განთავსებულ თვლებსა და ბაქნებზე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე.[5] აპრილში დებს 2–6 (ძირითადად 3–5) თეთრ კვერცხს;[6] კრუხობს ორივე მშობელი.[5]
ლაკლაკი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ciconia ciconia (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697691 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლება გამოზამთრება მიგრაციის მარშრუტები | |||||||||||||||
|