ლაიტმოტივი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაიტმოტივი (გერმ. Leitmotiv, ინგლ. leitmotif, leitmotiv)[1] — მოკლე, ხშირად გამეორებული მუსიკალური ფრაზა,[2] რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პერსონაჟთან, ადგილთან, იდეასთან ან სიუჟეტის სხვა ელემენტთან. მჭიდრო კავშირშია მუსიკალური იდეა-ფიქსის და მუსიკალური დევიზის კონცეფციებთან.[3] სიტყვა „Leitmotiv“ (გერმანულად: [ˈlaɪtmoˌtiːf]) ითარგმნება, როგორც „წამყვანი მოტივი“. მუსიკალური მოტივი განისაზღვრება, როგორც „მოკლე მუსიკალური იდეა... მელოდიური, ჰარმონიული, რიტმული, ან სამივე ერთად“,[4] მნიშვნელოვანი და ცნობადი, განმეორებადი მუსიკალური ფიგურა, მუსიკალური ფრაგმენტი ან ნოტების მიმდევრობა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ნაწარმოებში და სახასიათოა მუსიკალური კომპოზიციისთვის, „უმცირესი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც თემატური იდენტობა გააჩნია“.[5]
უფრო კონკრეტულად, მსგავსი მოტივი უნდა იყოს იოლად ცნობადი, რათა შეინარჩუნოს თავისი იდენტობა, თუ მოხდება მისი მოდიფიცირება ნაწარმოების მსვლელობისას, იქნება ეს რიტმული, ჰარმონიული, ინსტრუმენტული და სხვა სახის ცვლილებები. იგი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლაიტმოტივებთან კომბინაციაშიც ახალი დრამატული მდგომარეობის ან განვითარების საჩვენებლად.[6] როგორც კომპოზიციური მეთოდი, ყველაზე მეტად უკავშირდება რიხარდ ვაგნერის ოპერებს, განსაკუთრებით, მის ნიბელუნგის ბეჭედს, თუმცა, ვაგნერი ამ მეთოდის გამომგონებელი არ ყოფილა და არც ამ ტერმინს იყენებდა ნაწარმოებთან დაკავშირებით.
ლაიტმოტივი, ჩვეულებრივ, მოკლე მელოდიაა, თუმცა, შეიძლება იყოს აკორდების მიმდევრობა ან რიტმული ფიგურაც. ლაიტმოტივების გამოყენება ხელს უწყობს ნაწარმოების მთლიანობას, საშუალებას აძლევს კომპოზიტორს, მსმენელს ამბავი სიტყვების გამოყენების გარეშე მოუთხროს, ან უკვე არსებულ თხრობას დამატებითი სიღრმე შესძინოს.
მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენება ნებისმიერი განმეორებადი თემის მნიშვნელობითაც, განვითარებითა და ტრანსფორმაციით, ან მათ გარეშე. ლიტერატურაში, ლაიტმოტივი არის მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების მთავარი მოტივი, ძირითადი იდეური თუ ემოციური ტონი. უწოდებენ ერთსა და იმავე ნაწარმოებში ხშირად გამეორებულ მხატვრულ სახესაც, მხატვრულ ხერხს, რომლის მიზანია თხზულების გმირის, მისი განწყობილებისა თუ ნაწარმოების სხვა რაიმე მომენტის ხაზგასმით დახასიათება.[7] ზოგჯერ, გამოიყენება არაკლასიკურ მუსიკალურ ჟანრებზე მსჯელობისას, როგორიცაა ინსტრუმენტული პიესები, კინომუსიკა და ვიდეოთამაშების საუნდტრეკები, ხშირად, იგივე მნიშვნელობით, როგორც თემა, თუმცა, ეს უკანასკნელი უფრო ზოგადი კატეგორიაა.