თავისუფალი ვაჭრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
თავისუფალი ვაჭრობა — სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც არ ზღუდავს იმპორტსა და ექსპორტს. აზრობრივად ის იგივეა, რაც თავისუფალი ბაზრის იდეა საერთაშორისო ვაჭრობაში. თავისუფალ ვაჭრობას ძირითადად ლიბერალური ეკონომიკის მომხრე პოლიტიკური პარტიები უჭერენ მხარს. ხოლო ეკონომიკურად მემარცხენე და ნაციონალისტური პარტიები თავისუფალი ვაჭრობის საპირისპიროდ, პროტექციონიზმს ემხრობიან.[1][2][3][4]
დღესდღეობით ქვეყნების უმრავლესობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მულტილატერალური სავაჭრო ხელშეკრულების წევრია. თავისუფალი ვაჭრობის თვალსაჩინო მაგალითი იყო დიდი ბრიტანეთის უნილატერალური პოზიცია შეემცირებინა რეგულაციები და ბაჟი იმპორტსა და ექსპორტზე XIX საუკუნის შუა პერიოდიდან 1920-იან წლებამდე. [5] ალტერნატიული მიდგომა, რაც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას სახელმწიფოთა ჯგუფს შორის, მაგალითად ევროპის ეკონომიკური ზონა და მერკოსურის ღია ბაზრები, ქმნის პროტექციონალურ ბარიერს ამ სივრცესა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მრავალი სახელმწიფო ისევ მიმართავს პროტექციურ პოლიტიკას ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მაგალითად იმპორტზე ტარიფების დაწესებით ან ექსპორტის სუბსიდირებით. ზოგჯერ ქვეყანამ შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობა შეზღუდოს, რათა შეამციროს ბუნებრივი რესურსების ექსპორტი. ვაჭრობის სხვა შემზღუდავი ფაქტორები შესაძლოა იყოს კვოტები იმპორტზე, გადასახადები და არასატარიფო ბარიერები, როგორიცაა მარეგულირებელი კანონმდებლობა.
ისტორიულად, თავისუფალი ვაჭრობისადმი ღიაობა 1815 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იზრდებოდა. ღია ვაჭრობამ ზრდა კიდევ ერთხელ 1920-იან წლებში დაიწყო, თუმცა დიდი დეპრესიის დროს კოლაფსი განიცადა (კონკრეტულად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში). ვაჭრობამ მნიშვნელოვნად ისევ მოიმატა 1950-იანი წლებიდან (1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის დროს შეფერხების მიუხედავად). ეკონომისტებისა და ეკონომიკის ისტორიკოსების მტკიცებით სავაჭრო თავისუფლების დღევანდელი დონე ისტორიაში ყველაზე მაღალია.[6][7][8]
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ პროტექციონიზმის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უარყოფითია, ხოლო თავისუფალ ვაჭრობა და სავაჭრო ბარიერების შემცირება დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდასა[9][10][11][12][13][14] და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.[15] თუმცა ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და არათანაბრად გადანაწილებული დანაკარგები, ასევე იმ მომუშავეთა ეკონომიკური გადაადგილება, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ სექტორში, რომელიც კონკურენციაშია იმპორტულ საქონელთან.[10]