ზურგრქოსანისებრნი[1] (ლათ.Balistidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია; სიგრძით 60 სმ-მდე. შეფერილობა მკვეთრია, ჩვეულებრივ დიდი ლაქების ან ზოლების მოხატულობით. ქერცლი ძვლოვანია, ზოგჯერ ხორკლებითა და ნემსებით, მცირედაა ერთმანეთზე გადასული. კბილები ძლიერი, კონუსისებრი და ფირფიტისებრია. ზურგის ფარფლი ორია; წინაში სამი ეკალია. პირველი ეკალი ძალიან დიდია, წააგავს რქას (აქედან სახელწოდება), აწეულ მდგომარეობაშია დაფიქსირებული მასზე მჭიდროდ მიჯრილი მეორე ეკლის საშუალებით.[2] ცნობილია 11 გვარის 40-მდე სახეობა.[3] გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში, წყალმარჩხ ადგილებში და მარჯნის რიფებში; ხმელთაშუა და შავ ზღვებში გვხვდება რუხი ზურგრქოსანი (Balistes capriscus). ჩვეულებრივ, მარტოულად ცხოვრობენ. ზანტი მოცურავეებია. იკვებებიან კიბორჩხალებით, მოლუსკებით, ზღვის ზღარბებით; არის მცენარეჭამია სახეობებიც. დაყრილი ქვირითის დაცვისათვის მიზნით შეუძლია აგრესიულობა გამოავლინოს. ხორცი შხამიანია.[2]
სწრაფი ფაქტები ზურგრქოსანისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...