დრიუ ვაისმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დრიუ ვაისმანი (ინგლ. Drew Weissman) (დ. 7 სექტემბერი, 1959, ლექსინგტონი, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი იმუნოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (კატალინ კარიკოსთან ერთად, 2023).
განათლება მიიღო ბრენდაისის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, 1981) და ბოსტონის (მედიცინის დოქტორი, 1987) უნივერსიტეტებში. 1990 წელს დაამთავრა რეზიდენტურის კურსი შინაგან მედიცინაში ბეთ ისრაელ დიაკონესის სამედიცინო ცენტრში (ბოსტონი) და მოღვაწეოვა მერილენდში განაგრძო ამერიკელი იმუნოლოგის ენტონი ფაუჩის ხელმძღვანელობით. 1997 წლიდან მუშაობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში (ფილადელფია).
1990-იანი წლების დასასრულიდან ვაისმანი თანამშრომლობდა უნგრული წარმოშობის ბიოქიმიკოსთან კატალინ კარიკოსთან. მათმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ მესენჯერულ რიბონუკლეინის მჟავას (მ-რნმ) აქვს სპეციფიკური პათოლოგიური გამომწვევების წინააღმდეგ იმუნური პასუხის აღძვრის უნარი. მათ ასევე გაარკვიეს, რომ რნმ-ის სტრუქტურული ერთეულების — ნუკლეოზიდების ცვლილებით შესაძლებელია იმუნური პასუხის მოდიფიცირებაც. ეს აღმოჩენები 2021 წელს საფუძვლად დაედო მ-რნმ-ზე დაფუძნებული პირველი ვაქცინების შექმნას, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული კოვიდ-19-ის გამომწვევის — კორონავირუსის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ. 2023 წელს ვაისმანი და კარიკო ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.