ბატკანძერი
მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ბატკანძერი,[1][2][3][4] კრავიჭამია[1][2][4] (ლათ. Gypaetus barbatus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 245–272 სმ,[3] მასა 5–7 კგ.[5] აქვს გრძელი და ვიწრო ფრთები, რომბისებური ან სოლისებრი კუდი.[6] თავი და მუცლის მხარე მოყვითალო ან მოთეთროა, თუმცა იმის გამო, რომ ხშირად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება.[3] ტანი და ფრთები მოშავოა,[1] ზემოდან მონაცრისფრო ელფერით.[3] ნისკარტი და ფეხები რუხი. გალო თითებამდეა შებუმბვლილი.[7] ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“.[1][3][6][7] ერთი წლის ფრინველის კისერი და თავი შავია. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს.[3] ხმა — დაბალი სტვენა და თავისებური კნავილი. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში, იშვიათად დაბლობშიც ჩამოდის.[3] საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში (4800 მეტრამდე ზღვის დონიდან[1]). მაღალმთის ბინადარია, თავს აფარებს კლდოვან ნაპრალებს, სუბალპური და ალპური სარტყლების ღია, ქვიან ან კლდიან ადგილებს.[4] მკვიდრი ფრინველია.[6] საკვები რაციონის ძირითად ნაწილს დაღუპული ცხოველების ლეში წარმოადგენს,[1][3] ზოგჯერ წვრილი ცხოველებითაც იკვებება (მაგ., ვირზაზუნა).[7] საკბილოს მაღლა ფრენის დროს აკვირდება. შეუძლია დიდი ძვლებისა და კუს ბაკნის დამტვრევაც, ამისათვის მას დიდი სიმაღლიდან ძირს ახეთქებს. ენის განსაკუთრებული აგებულება საშუალებას აძლევს ლულოვანი ძვლიდან მოიპოვოს ძვლის ტვინი.[7] თანამედროვე დროში ზამთრის პირობებში მისი საკვები ბაზა გაუარესდა. გამრავლების ციკლი მეტად თავისებურია: შეწყვილება ნოემბერში იწყება და თებერვლამდე გრძელდება. ბუდობს კლდეებში; ბუდე წარმოადგენს ტოტების გროვას, სადაც ხანდახან ძვლებიცაა შერეული და დაფარულია ბალახით და ხავსით. დეკემბერში ან თებერვალ-მარტში დებს 2 (იშვიათად 1) მოთეთრო კვერცხს, ყავისფერი ლაქებითა და წინწკლებით.[6] ინკუბაცია 55–60 დღე-ღამე გრძელდება. მართვეები იჩეკებიან თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში, რომელთაგან უმცროსს გამოჩეკიდან რამდენიმე დღეში მშობლები კლავენ და ჭამენ. ბუნებრივ კონკურენტებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ორბი, სვავი, ყაჯირი, მთის არწივი. ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში, მათ შორის, 1976 წელს 2 ბატკანძერი ჰყავდათ თბილისის ზოოპარკშიც. დაფიქსირებულია ტყვეობაში გამრავლების ფაქტიც (1 მართვე, 1973, ალმა-ათის ზოოპარკი).[4] შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[8]
ბატკანძერი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gypaetus barbatus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22695174 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მკვიდრი გამოზამთრება სავარაუდოდ გამქრალი გამქრალი სავარაუდოდ გავრცელებული (მკვიდრი) არსებული და რეინტროდუცირებული (მკვიდრი) | |||||||||||||||
|