სოფია პრუსიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია პრუსიელი (გერმ. Sophie von Preußen, ბერძ. Σοφία της Ελλάδας; დ. 14 ივნისი, 1870, პოტსდამი, გერმანიის იმპერია — გ. 13 იანვარი, 1932, ფრანკფურტი, ვაიმარის რესპუბლიკა) — საბერძნეთის ორგზის დედოფალი 1913-1917 და 1920-1922 წლებში როგორც კონსტანტინოს I-ის მეუღლე.
- ეს სტატია ეხება საბერძნეთის დედოფალს, კურლანდიის ჰერცოგინიაზე არსებული სტატიის სანახავად იხილეთ სოფია პრუსიელი (1582-1610).
სოფია პრუსიელი | |
---|---|
საბერძნეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 მარტი, 1913 |
მმართ. დასასრული: | 11 ივნისი, 1917 |
წინამორბედი: | ოლღა კონსტანტინეს ასული |
მემკვიდრე: | ასპასია მანოსი |
საბერძნეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 დეკემბერი, 1920 |
მმართ. დასასრული: | 27 სექტემბერი, 1922 |
წინამორბედი: | ასპასია მანოსი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტა რუმინელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 ივნისი, 1870 |
დაბ. ადგილი: | პოტსდამი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 13 იანვარი, 1932, (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფრანკფურტი, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: |
ჯერ: ფლორენცია, იტალია შემდეგ: ათენი, საბერძნეთი |
მეუღლე: |
კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე (ქ. 1889 - გარდ. 1923) |
შვილები: |
გეორგიოს II, საბერძნეთის მეფე ალექსანდროსი, საბერძნეთის მეფე ელენე, რუმინეთის დედოფალი პავლოსი, საბერძნეთის მეფე ირენე, ხორვატიის დედოფალი ეკატერინე |
სრული სახელი: | სოფია დოროთეა ულრიკა ალისა |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი |
დედა: | ვიქტორია ბრიტანელი |
რელიგია: |
ჯერ: კალვინიზმი შემდეგ: მართლმადიდებლობა |
იგი იყო ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი, გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და დედოფალ ვიქტორია ბრიტანელის უფროსი ქალიშვილი, იმპერატორ ვილჰელმ II-ის და. 1889 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში იგი ცოლად გაჰყვა საბერძნეთის პრინც კონსტანტინოსს, მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინეს ასულის უფროს ვაჟს. ახალ ქვეყანაში ადაპტაციის რთული პერიოდის შემდეგ, სოფიამ ექვსი შვილი გააჩინა და თავის დედამთილთან ერთად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. ამასთან, XIX-XX საუკუნეებში მიმდინარე საბერძნეთის ომებმა სოფია აიძულა შეესწავლა მედიცინა და დაჭრილი ჯარისკაცებისათვის მედდად ემუშავა.
მიუხედავად ამისა, სოფია ხალხში არაპოპულარული იყო. ამის გადასაფარად იგი თავისმა ბებიამ, დედოფალმა ვიქტორიამ დააჯილდოვა წითელი ჯვრის სამეფო ორდენით. 1913 წელს, გეორგიოს I-ის მკვლელობის შემდეგ მეფე კონსტანტინოს I გახდა, რითაც სოფია საბერძნეთის დედოფლად გვევლინება. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა,რაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. მიუხედავად მისი ქველმოქმედებისა, დედოფალ სოფიას მისი გერმანული კავშირების გამო ბერძნები კრიტიკის ქარცეცლხში ატარებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინოსი ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, სოფიასა და გერმანიის იმპერატორის კავშირმა ეჭვქვეშ დააყენა მისი პოლიტიკა, რაც ბერძნებში უკმაყოფილებას იწვევდა.
საბერძნეთის ბლოკადისა და ქვეყანაში ელეფთერიოს ვენიზელოსის დე ფაქტო მმართველობის დამყარებასთან ერთად, 1917 წელს ჩამოაგდეს კონსტანტინოსი და მის ოჯახთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან, მეფედ კი სოფიას ვაჟი ალექსანდროსი დასვეს. გადასახლებაში მყოფი სამეფო ოჯახი საოცარ სიდუხჭირეში ცხოვრობდა შვეიცარიაში. თუმცა, 1920 წელს ალექსანდროსი უვაჟოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც საბერძნეთში ოლღა კონსტანტინოვნას ერთთვიანი რეგენტობა დამყარდა, ამავე წლის 19 დეკემბერს კი კონსტანტინოსი და სოფია აღადგინეს ტახტზე.
1921 წელს თურქეთთან განცდილმა მარცხმა და თრაკიის დაკარგვამ ბერძნებში ძველი უკმაყოფილება გააღვიძა. 1922 წელს სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, რა დროსაც დაამხეს კონსტანტინოსი, ტახტზე კი მისი ვაჟი გეორგიოს II დასვეს, რასაც ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარება მოჰყვა. ამის გამო სოფია და მისი ოჯახი მეორედ წავიდა ემიგრაციაში, თუმცა ამჯერად იტალიაში. აქ, 1923 წელს კონსტანტინოსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სოფიამ დატოვა იტალია და მშობლიურ გერმანიაში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა 1932 წელს სიმსივნით.