მონაზონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მონაზონი (ბერძ. μοναχός — სიტყვიდან μόνος „მარტო“) — მამაკაცი თუ ქალი, რომელიც მონაზვნული ცხოვრებით ცხოვრობს.
მონაზვნად აღკვეცის გადაწყვეტილებას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ იღებს. აღკვეცის დროს მრავალ მოთხოვნას უყენებენ ამ გზაზე შემდგარს. მაგალითად, „განსწმიდე თავი შენი ყოვლისაგან მწიკვლოვანებისა ხორცთასა და სულისა. ჰქმენ სიმდაბლე... უვნებელ იქმენ სოფლისა ამის ჩვეულებისგან, მღვიძარებასა შინა - ნუ მცონარ, საცთურთა შინა - ნუ სულმოკლე, მარხვასა შინა - ნუ უსასო...“ საბოლოოდ კი ყოველივე ეს სამ აღთქმაში იყრის თავს. ესენია მორჩილება, ქალწულება და უპოვარება. სიტყვა „მონაზონი“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: „მონოს“ და „ზოინ“. „მონოს“ - მარტოს ნიშნავს, ხოლო „ზოინ“ - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - „გარესჯა“ სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.
ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა.იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.
თუ ადამიანი სოფელს ყოფითი მიზეზების გამო გაურბის, მისი მიღება მონასტერში არ შეიძლება. თუკი იგი გაურბის რაიმე პასუხისმგებლობას, ის ლაჩარია, მშიშარა კაცი კი ვერც მონასტერში ივარგებს. ადამიანი, რომელიც ერს განსაცდელის გამო ტოვებს, სასოწარკვეთილია, ხოლო სასოწარკვეთილს მონასტერში შეიძლება კიდევ უფრო მეტად წარეკვეთოს სასო და ტრაგიკულადაც კი დაამთავროს სიცოცხლე. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კაცი მონასტერში განსაცდელს მიუყვანია, შემდეგ მას ამ განსაცდელისთვის თავი დაუღწევია და მონაზონი გამხდარა.