მაჰაბჰარატა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაჰაბჰარატა (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“) — ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში.
წერილობითი ფორმით ძვ. წ. 400 და ჩვ. წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.
მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა.
პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათას ერთი ღამე, მისი მთავარი შინაარსი განვრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობითა და მოკლე ეპიზოდით.
მაჰაბჰარატა განიხილავს ინდუიზმის ყველა ძირითად თემას - არსებათა ყოფას, სიკვდილსა და ხელმეორედ დაბადებას, კარმასა და დჰარმას, აღწერს ბედნიერებასა და ტანჯვას, კეთილისა და ბოროტის ქმედების ნაყოფს, მსხვერპლშეწირვას და მის დანიშნულებას.