იზოტოპები
From Wikipedia, the free encyclopedia
იზოტოპები (ძვ. ბერძნ. ισος [isos] — „ტოლი“, „მსგავსი“ და τόπος [topos] — „ადგილი“) — ერთი განსაზღვრული ელემენტის ატომთა (ნუკლიდების) სახესხვაობები, რომელთა ბირთვი შეიცავს პროტონების ერთნაირ და ნეიტრონების განსხვავებულ რაოდენობას. ამიტომ იზოტოპების (ნეიტრალური ატომების) ელექტრონული გარსი შეიცავს ელექტრონების ერთნაირ რაოდენობას. შედეგად, იზოტოპებს ახასიათებს იდენტური ქიმიური თვისებები და უკავია ერთი და იგივე ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში (იზოტოპების ბირთვული თვისებები განსხვავებულია). განასხვავებენ სტაბილურ (მდგრად) და რადიოაქტიურ იზოტოპებს. იზოტოპების რადიოაქტიური დაშლის ტიპი, აგრეთვე სპინი, მაგნ. დიპოლური მომენტი და ბირთვის ზოგიერთი სხვა თვისება დამოკიდებულია ბირთვში პროტონებისა და ნეიტრონების რაოდენობის თანაფარდობაზე. იზოტოპები სტაბილურია ამ თანაფარდობის მხოლოდ გარკვეული მნიშვნელობებისათვის.