დირჰემი
From Wikipedia, the free encyclopedia
დირჰემი, იგივე დირჰამი (არაბ. درهم) — ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა).
იჭრებოდა 698-699 წლებიდან; მისი წონა VII საუკუნის ბოლოსათვის 2,7–2,9 გ. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე — ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში ბაქტრიიდან ესპანეთამდე.
ჰიჯრის 85 (704-705 წწ.) დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII საუკუნიდან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი „დრამა“.