შაჰდენიზის გაზსადენი
From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰდენიზის გაზსადენი (ასევე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) — ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.
გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის დიამეტრი 42 დიუმია, მისი სიგრძე 970 კმ-ია (442 კმ აზერბაიჯანში, 248 კმ საქართველოში და 280 კმ ქართულ-თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის), ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. თითოეული მილის სიგრძე 11.5 მ. მილების მიწოდება განახორციელა იაპონურმა კომპანიამ Sumitomo Metal Industries.[1]
მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია.
გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს ევროპასაც მიაწოდებს მასთან თურქეთი-საბერძნეთი და საბერძნეთი-იტალიის სადენების შეერთებით.