ჰონგ-კონგის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონგ-კონგის ეკონომიკა მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკაა. ხასიათდება დაბალი გადასახადებით, თითქმის უფასო საპორტო ვაჭრობითა და კარგად განვითარებული საერთაშორისო ფინანსური ბაზრით.[1][2] ვალუტა ჰონგ-კონგური დოლარია, რომელსაც ლეგალურად სამი საერთაშორისო კომერციული ბანკი ბეჭდავს[3] და ამერიკულ დოლართანაა მიბმული.[4][5] პროცენტული მაჩვენებლები ჰონგ-კონგის ბანკების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.[6] ოფიციალურად ცენტრალური საბაკო სისტემა არ არის აღიარებული, თუმცა ჰონგ-კონგის მონეტარული სააგენტო ფინანსების რეგულირების სააგენტოს სახით ფუნქციონირებს.[7][8]
ჰონგ-კონგის ეკონომიკა პოზიტიური ჩაურევლობის პრინციპით იმართება და დიდადაა დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებზე. სწორედ ამიტომ, ჰონგ-კონგი კომპანიის დასაარსებლად ყველაზე შესაბამის ადგილად მიიჩნევა. კვლევის თანახმად, 2014 წელს ჰონგ-კონგში 998 რეგისტრირებული სტარტაპი იყო, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 2 800-მდე გაიზარდა. მათგან 22% ელექტრონული კომერციის, 12% ― ფინანსური ტექნოლოგიების, 12% ― პროგრამული უზრუნველყოფის, 11% ― სარეკლამო მიმართულების იყო.[9] 2019 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჰონგ-კონგი 8.91 ქულით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.[10]
1961 წლიდან 1997 წლამდე ჰონგ-კონგის მთლიანი შიდა პროდუქტი 180-ჯერ გაიზარდა. ასევე, იმავე პერიოდისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 87-ჯერ გაიზარდა.[11] ჰონგ-კონგის ეკონომიკა ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ირლანდიისა და ისრაელის ეკონომიკა.[12][13][14] 2011 წელს ჰონგ-კონგის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში მე-6 იყო. 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ჰონგ-კონგის რეალური ეკონომიკური ზრდა 2.8%-ით შემცირდა.[15]
XX საუკუნის ბოლოს ჰონგ-კონგი მსოფლიოში სიდიდით მე-7 პორტი იყო, ხოლო კონტეინერების ტრანსპორტირებით მხოლოდ როტერდამსა და ნიუ-იორკს ჩამორჩებოდა. ჰონგ-კონგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრული წევრია.[16] ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა მეექვსეა მსოფლიოში და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3.732 ტრილიონ $-ს უდრის.[17]