ჯაზი
მუსიკალური ჟანრი და სტილი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაზი — მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა ახალი ორლეანის აფროამერიკულ თემში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში.[1][2][3] 1920-იანი წლების „ჯაზის ეპოქის“ შემდეგ იგი აღიარებულია, როგორც მუსიკალური ექსპრესიის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა როგორც ტრადიციულ, ისე პოპულარულ მუსიკაში, რომლებთანაც აფროამერიკული და ევროამერიკული მუსიკალური წარმომავლობა აკავშირებს.[4] ჯაზს ახასიათებს სვინგი და ლურჯი ნოტები, რთული აკორდები, რესპონსორული ვოკალური პარტიები, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზის ფესვები დასავლეთაფრიკულ კულტურულ და მუსიკალურ ექსპრესიაში და აფროამერიკულ მუსიკალურ ტრადიციებში იძებნება, ასევე, უკავშირდება ბლუზსა და რეგტაიმს .[5][6]
ჯაზი | |
---|---|
ლუი არმსტრონგი (1901–1971), ჟანრის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, მესაყვირე, სიმღერების ავტორი და მომღერალი. | |
ჟანრობრივი წარმომავლობა |
ბლუზი ხალხური მუსიკა ამერიკული მარში რეგტაიმი |
კულტურული წარმომავლობა | 1910-იანი წლები, ნიუ-ორლეანი |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები |
საქსოფონი კლარნეტი ბას-გიტარა კონტრაბასი ფლეიტა ვიბრაფონი საყვირი ფორტეპიანო გიტარა ბანჯო ტუბა ვოკალი ტრომბონი როუდსის ფორტეპიანო დასარტყმელი საკრავები |
ქვეჟანრები | |
ავანგარდული ჯაზი ბიბოპი ბიგ ბენდი კამერული ჯაზი კონტინენტური ჯაზი ქულ-ჯაზი თავისუფალი ჯაზი ბოშური ჯაზი ჰარდ-ბოპი ლათინური ჯაზი მეინსტრიმული ჯაზი M-Base ნეო-ბოპ ჯაზი ორკესტრული ჯაზი პოსტ-ბოპი სოულ-ჯაზი სტრაიდი სვინგი მესამე ტალღა ტრადიციული ჯაზი ტრადიციული პოპ-მუსიკა ვოკალური ჯაზი | |
აღრეული ჟანრები | |
ეისიდ ჯაზი აფრობითი ბლუგრასი ბოსა-ნოვა კროსოვერ ჯაზი დენსბენდი ფოლკ-ჯაზი თავისუფალი ფანკი ჰამპპა ინდო-ჯაზი ჯემ-ბენდი ჯაზკორი ჯაზ-ფანკი ჯაზ-ფიუჟენი ჯაზ-რეპი კუელა მამბო მანილა საუნდი ნიუ-ჯაზი ნეო-სოული პანკ-ჯაზი შიბუია-კეი სკა-ჯაზი სმუზ-ჯაზი სვინგის აღორძინება მსოფლიო ფიუჟენი | |
სხვა თემები | |
ჯაზ-სტანდარტი ჯაზი (სიტყვა) ჯაზური კლუბები |
ჯაზმა, მსოფლიო მასშტაბით გავრცელებასთან ერთად, შეითვისა ეროვნული, რეგიონული და ლოკალური მუსიკალური ტრადიციები, რამაც დასაბამი მისცა განსხვავებულ სტილებს. 1910-იან წლებში წარმოიშვა დიქსილენდი, იგივე ახალი ორლეანის ჯაზი, რომელშიც შერწყმული იყო სასულე ორკესტრების მარშები, ფრანგული კადრილები, ბიგინები, რეგტაიმი და ბლუზი კოლექტიურ, პოლიფონიურ იმპროვიზაციასთან. 1930-იან წლებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საცეკვაო, მძიმედ არანჟირებული სვინგის ბიგ ბენდებს, კანზას-სიტის ჯაზს (ბლუზური, იმპროვიზაციული სტილი ძლიერი სვინგით) და „ბოშურ ჯაზს“ (gypsy jazz), რომელიც ბალ-მიუზეტის ვალსებს ეყრდნობოდა. 1940-იან წლებში გაჩნდა ბიბოპი, რომელმაც ჯაზი საცეკვაო პოპულარული მუსიკიდან ბევრად რთულ, „მუსიკოსთა მუსიკად“ აქცია, რომელსაც უფრო სწრაფი ტემპები და აკორდებზე დაყრდნობილი იმპროვიზაციები ახასიათებდა. 1940-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ქულ-ჯაზის (Cool jazz) განვითარება, რომელსაც უფრო მშვიდი, ნაზი ხმოვანება და გრძელი, ლინეარული მელოდიები ახასიათებდა.
1950-იანი წლების შუაში წარმოიშვა ჰარდ ბოპი, რომელშიც რიტმ-ენდ-ბლუზის, გოსპელის და ბლუზის ძლიერი გავლენები გამოჩნდა, განსაკუთრებით, საქსაფონისა და ფორტეპიანოს შესრულებაში. 1950-იანი წლების ბოლოს განვითარდა მოდალური ჯაზი, რომელიც მუსიკალური სტრუქტურისა და იმპროვიზაციის საფუძვლად მუსიკალურ კილოებს იყენებს, ასევე, თავისუფალი ჯაზი, რომელიც რეგულარული მეტრის, პულსის და ფორმასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე სრულდება. 1960-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში გაჩნდა ჯაზ-ფიუჟენი (Jazz fusion), სადაც ჯაზური იმპროვიზაცია შერწყმულია როკ-მუსიკის რიტმებთან, ელექტრონულ ინსტრუმენტებთან და გაძლიერებულ სასცენო ხმოვანებასთან. 1980-იან წლებში კომერციულ წარმატებას მიაღწია ჯაზ-ფიუჟენის ერთ-ერთმა ფორმამ, სმუთ-ჯაზმა (Smooth jazz), რომელსაც რადიოეთერებში მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდა. 2000-იან წლებში არსებობს ბევრი განსხვავებული სტილი და ჟანრი, როგორიცაა ლათინო-ჯაზი და აფროკუბური ჯაზი.