ხუანა I შეშლილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუანა I შეშლილი (ესპ. Joanna I la Locca; დ. 6 ნოემბერი, 1479 – გ. 12 აპრილი, 1555) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ისა და მისი მეუღლის, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის შუათანა ქალიშვილი. 1496 წლის 20 ოქტომბერს მიათხოვეს ბურგუნდიის ჰერცოგს, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელ ფილიპე I-ს. 1497 წელს გარდაიცვალა მისი ძმა, ასტურიის პრინცი ხუანი, 1498 წელს კი გარდაიცვალა მისი უფროსი და ისაბელა, რის შემდეგაც ხუანა ასტურიის პრინცესა, ანუ კასტილიისა და არაგონის ტახტის მემკვიდრე გახდა. 1504 წელს, ისაბელ I-ის გარდაცვალებით ხუანა კასტილიის დედოფალი გახდა, თავის ქმართან ერთად, რითაც კასტილიაში ჰაბსბურგთა დინასტია გამეფდა. 1506 წელს ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ ხუანა ჭკუიდან შეიშალა. მან კუბოში ჩასვენებული მეუღლე მთელს ესპანეთს შემოატარა და მისი დამარხვის ნებას არავის რთავდა, პერიოდულად კი კუბოს ხსნიდა და მასთან წვებოდა. 1516 წლამდე ქვეყანას მამამისი მართავდა, მას შემდეგ კი რაც ფერდინანდიც დაიღუპა, ხუანა არაგონის დედოფალიც გახდა. ხუანა მისმა ვაჟმა კარლ I-მა მონასტერში გამოამწყვდია და მის ნაცვლად დაიწყო ქვეყნის მართვა. შეშლილმა ხუანამ სიცოცხლის ბოლო წლები სრულ სიმარტოვეში გაატარა და 75 წლის ასაკში გარდაიცვალა მონასტერში გამოკეტილი.