ყირიმელი თათრების დეპორტაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის[1] ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ყირიმელი თათრების დეპორტაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ყირიმელი თათრების დეპორტაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე[2].
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“[3].
1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა[4].
2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო[5].
უკრაინის უზენაესმა რადამ 2015 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა და 18 მაისი გამოაცხადა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ[6][7]. 2019 წლის 9 მაისს ლატვიამ, ხოლო 6 ივნისს ლიტვამ დეპორტაცია გენოციდად აღიარეს[8][9].