ფილიპე II (ესპანეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპე II (ესპ. Felipe II, პორტ. Felipe II, იტალ. Filippo II, ნიდერლ. Filips II, გერმ. Philipp II., ფრანგ. Philippe II; დ. 21 მაისი, 1527, პალასიო-დე-პირმენტელი, ვალიადოლიდი, ესპანეთი ― გ. 13 სექტემბერი, 1598, ესკორიალი, სან-ლორენცო-დე-ელ-ესკორიალი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე (1556-1598), პორტუგალიისა და ალგარვის მეფე (1580-1598, ფილიპე I-ის სახელით), ინგლისისა და ირლანდიის მეფე (1554-1558, როგორც მერი I-ის მეუღლე), ასევე მილანის ჰერცოგი (1540 წლიდან), ნეაპოლისა და სიცილიის მეფე (1554 წლიდან) და ესპანური ნიდერლანდების მონარქი (1556 წლიდან).
საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ვაჟი. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე, მისი გადადგომის შემდეგ ფილიპემ მემკვიდრეობით მიიღო ესპანეთის იმპერია, რომელიც თავისი ძლიერების ზენიტში იყო და უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა დედამიწის ექვს კონტინენტზე. სწორედ მეფე ფილიპეს პატივსაცემად დაერქვა აზიაში ახლად აღმოჩენილ კუძულოვან სახელმწიფოს ფილიპინები. მისი მმართველობის პერიოდში ესპანეთმა მიაღწია თავისი ძლიერების პიკს, დამყარდა რა აბსოლუტიზმი და მისივე მმართველობის დროს დაიწყო იმპერიის დაცემა, თუმცაღა, ეს პერიოდი მაინც ოქროს ხანის სახელითაა ცნობილი.
ფილიპეს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ესპანეთი ხუთჯერ გამოცხადდა გაკოტრებულად: 1557, 1560, 1569, 1575 და 1596 წლებში. ამასთან ერთად, მის ხისტ და შეუმწყნარებელ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა კალვინისტ ნიდერლანდელთა დიდი უკმაყოფილება, რამაც ვილემ ორანელის მეთაურობით ჰოლანდიის რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ოთხმოცწლიანი ომის სახელითაცაა ცნობილი. 1581 წელს ვილემმა მოახერხა და მანამდე ესპანეთის მფლობელობაში მყოფი ჩრდილონიდერლანდური საგრაფოების ტერიტორიებზე ჩამოაყალიბა ნიდერლანდების რესპუბლიკა.
ფილიპემ გამეფებიდან სულ რამდენიმე წელში დაასრულა საფრანგეთთან მიმდინარე იტალიური ომები და გააფორმა კატო-კამბრეზის ხელშეკრულება, რომელმაც დაამტკიცა ესპანეთის მმართველობა იტალიაში. ღრმად მორწმუნე მეფე ფილიპე თავის თავს კათოლიკური ევროპის დამცველად მოიაზრებდა, რის გამოც იგი არაერთ ომში ჩაება. იგი აქტიურად იბრძოდა როგორც ოსმალეთის იმპერიის, ისე პროტესტანტული რეფორმაციის წინააღმდეგ. 1572 წელს მან ლეპანტოს ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები. 1584 წელს კი ფილიპემ ხელი მოაწერა ჟუანვილის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა საფრანგეთში ჩამოყალიბებული კათოლიკური ლიგის დაფინანსებას. აღნიშნული კათოლიკური ლიგა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა ფრანგი კალვინისტების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1580 წელს, ისარგებლა პორტუგალიაში ავისის დინასტიის შეწყვეტით და მან, როგორც მანუელ I-ის შვილიშვილმა, თავი პორტუგალიის მეფედ გამოაცხადა, რითაც იგი ესპანეთს მიუერთა და ჩამოაყალიბა იბერიის უნია. 1588 წელს მან ომი გამოუცხადა პროტესტანტულ ინგლისს და მის წინააღმდეგ ე.წ. „უძლეველი არმადა“ გააგზავნა, თუმცა ინგლისელთა თავდასხმამ და შტორმმა ფლოტი ჯერ კიდევ მანამდე გაანადგურა, სანამ კუნძულამდე მიაღწევდა. არმადის მარცხმა საგრძნობლად შეარყია ესპანეთის ავტორიტეტი და მის ეკონომიკასაც დიდი ზარალი მიაყენა.
ფილიპეს მმართველობისას ესპანეთის არმიას საშუალოდ 9,000 ახალი ჯარისკაცი ემატებოდა, კრიზისის დროს კი ეს რიცხვი 20,000-მდე იზრდებოდა. 1567-1574 წლები ესპანეთიდან და იტალიიდან 43,000-მდე მოხალისე გამოვიდა, რათა ნიდერლანდებში კალვინისტების წინააღმდეგ ებრძოლათ.
ვენეციის ელჩი პაოლო ფაგოლო მეფე ფილიპეს ასე აღწერდა: „მსუბუქი აღნაგობისა და მრგვალი სახისაა, ღია ცისფერი თვალებით, გარკვეულწილად გამოკვეთილი ტუჩებითა და ვარდისფერი კანით, რის გამოც იგი ძალიან მიმზიდველია. იგი ძალიან გემოვნებიანად იცვამს და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, თავაზიანობითა და გრაციოზულობითაა აღსავსე“. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ფილიპე სულ ოთხჯერ იყო დაქორწინებული და აღსანიშნავია, რომ მისი ოთხივე ცოლი მასზე ადრე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ძემ, ფილიპე III-მ დაიკავა, რომელიც მას მეოთხე ცოლისაგან ჰყავდა.