უღელტეხილი
მთის ქედზე ან მასივზე ფეხით ან ტრანსპორტით გადასასვლელი ადგილი / From Wikipedia, the free encyclopedia
უღელტეხილი — ქედის ან მთის მასივის გადასასვლელად მოხერხებული ყველაზე დაბალი ადგილი. წარმოადგენს თხემის დადაბლებას, რომელიც ემსახურება ერთი პუნქტიდან (მაგ., ხეობიდან) მეორე პუნქტზე (მაგ., მეზობელ ხეობაში) გადასვლას. უღელტეხილზე შეიძლება გადიოდეს: საფეხთმავლო, საავტომობილო და იშვიათად სარკინიგზო გზები. საფეხთმავლოს მიეკუთვნება სასაპალნე და საჭაპანო გზები. გადის ასევე ბილიკები.
უღელტეხილზე ხშირად გადადის სამხედრო გზებიც. ასეთი უღელტეხილები კარგად არის გამოკვეთილი საქართველოში. მაგ., ჯვრის უღელტეხილი, ან ქლუხორის უღელტეხილი. პირველზე გადადის საქართველოს სამხედრო გზა, ხოლო მეორეზე სოხუმის სამხედრო გზა. სამხედრო სტრატეგიისათვის ორივე უღელტეხილი მნიშვნელოვანია.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განასხვავებენ მრავალწლიურ და სეზონური მოქმედების უღელტეხილებს. ხოლო სიმაღლე განსაზღვრულია ქედების სიმაღლესთან დაკავშირებით, მაგ., ურალზე მათი სიმაღლე მხოლოდ 400 მ-მდეა, ალპებში – 4000 მ-მდე, ჰიმალაიში – 5500 მ-მდე.
გამოიყოფა:
- პირველეულ-ტექტონიკური უღელტეხილი - წარმოქმნილი ადგილობრივი ანტიკლინური ნაოჭის დაძირვისას, რომელიც შეიცავს ქედის თხემს;
- მდინარეული უღელტეხილი - წარმოქმნილი ორი ხეობის ზემო მონაკვეთის შეერთებით, რომლებიც განლაგებულია ქედის ფერდობის საპირისპირო მიმართულებით;
- მყინვარული უღელტეხილი - წარმოქმნილი მყინვარული ცირკების კედლების გადაკვეთის შედეგად, ან ხშირად ეროზიული უღელტეხილი, რომელიც დამუშავებულია ფირნითა და ყინულით.
არსებობს დიფლუენტური და კონფლუენტური უღელტეხილი.
დიფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელიც ეროზიული წარმოშობისაა და წარმოქმნილია ყინულის კვების არედან ყინულის გალღობის შედეგად.
კონფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელსაც გააჩნია ამა თუ იმ მხარეზე ე. წ. კონფლუენტური საფეხური.
კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება არსებობდეს რთული და მარტივი უღელტეხილი. რთული უღელტეხილები როგორც წესი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობენ, გააჩნიათ რა, ციცაბო კალთები, გამოირჩევიან მუდმივი თოვლითა და მყარი ყინულის არსებობით, ამასთანავე ასეთი უღელტეხილები ზოგჯერ მხოლოდ ალპინისტებისთვის არსებობენ.
მარტივი უღელტეხილები არც თუ ისე მაღლა ვრცელდებიან, სეზონურად თავისუფალი არიან მყარი ატმოსფერული ნალექებისაგან და ახასიათებთ მარტივი გადასავალი. დამალმთიანი და მარტივად გადასასვლელია მაგალითად გოითხის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 336 მ), რომელზედაც გადადის საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზა.
ევროპაში მეტად მნიშვნელოვანია სიმპლონის, სენ-ბერნარისა და სენ-გოტარდის უღელტეხილი უღელტეხილები. სენ-ბერნანის უღელტეხილზე არსებობს ცნობილი საავტომობილო გზა, ხოლო სენ-გოტარდზე გადის საავტომობილო გზა, რომლის ქვეშ გაჭრილია გვირაბი, რომელშიაც სარკინიგზო გზა მიდის. ე.ი. სენ-გოტარდის უღელტეხილს გააჩნია ორმაგი დატვირთვა.