უოტ ტაილერის აჯანყება
From Wikipedia, the free encyclopedia
უოტ ტაილერის აჯანყება, აგრეთვე ცნობილი როგორც გლეხთა აჯანყება — 1381 წლის გლეხთა აჯანყება შუა საუკუნეების ინგლისში. იგი იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც ინგლისის ისტორიის, ასევე შუა საუკუნეების ისტორიისათვის. აჯანყების ლიდერები იყვნენ სოფლის ხელოსანი უოტ ტაილერი, ღარიბი მღვდელი ჯონ ბოლი და ჯეკ სტროუ. ისინი გადასახადების შემცირებას და ფეოდალური ჩაგვრის გაუქმებას მოითხოვდნენ. აჯანყებულების მთავარი ლიდერის უოტ ტაილერის დაღუპვის შედეგად აჯანყება დამარცხდა.
სოციალური წინააღმდეგობები განსაკუთრებით გამწვავდა 1348-1349 წლებში შავი ჭირის („შავი სიკვდილი“) ეპიდემიის შემდეგ. აჯანყება დაიწყო 1381 წლის მაისში ესექსისა და კენტის საგრაფოებში და სწრაფად გავრცელდა ქვეყნის უდიდეს ნაწილში. აჯანყებულები არბევდნენ ფეოდალების მამულებს, უსწორდებოდნენ ლორდებს, მოსამართლეებს, გადასახადის ამკრეფებს, სპობდნენ დოკუმენტებს გლეხთა ფეოდალურ ვალდებულებათა შესახებ. 13 ივნისს აჯანყებულებმა აიღეს ლონდონი, 14 ივნისს ლონდონის გარეუბან მაილ-ენდში შეხვდნენ მეფე რიჩარდ II-ს, რომელსაც წაუყენეს თავიანთი მოთხოვნები (ე. წ. მაილ-ენდის პროგრამა) ბატონყმური წესებისა და ფეოდალური ბეგარის გაუქმების, ერთგვაროვანი და ზომიერი ფულადი რენტის შემოღების, თავისუფალი ვაჭრობისა და აჯანყების ყველა მონაწილის ამნისტიის შესახებ. მეფე იძულებული გახდა მიეღო მოთხოვნები.
მაშინ როდესაც შეძლებული და საშუალო გლეხობის დიდმა ნაწილმა დატოვა ლონდონი, ღარიბი გლეხობის დიდმა ნაწილმა უოტ ტაილერისა და ჯონ ბოლის მეთაურობით მეფესთანა ახალი შეხვედრა მითხოვა. შეხვედრა 15 ივნისს სმითფილდის სავაჭრო მოედანზე მოხდა. სმითფილდის პროგრამა უფრო რადიკალური იყო. მოლაპარაკების დროს უოტ ტაილერი ვერაგულად მოკლეს, რის შემდეგაც დაიწყო გლეხობასთან ანგარიშსწორება. ხელმძღვანელები (მათ შორის ჯონ ბოლი) და ბევრი რიგითი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად დამარცხებისა, უოტ ტაილერის აჯანყებამ დააჩქარა გლეხთა პირადი გათავისუფლებისა და ბეგარის ფულადი რენტით შეცვლის პროცესი.