ტუნისი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუნისი (არაბ. تونس) — ტუნისის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2008 წლის აღწერის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 1 200 000 ადამიანი, ხოლო ტუნისის ურბანულ არეალში დაახლოებით 3 980 500.
ქალაქი | |
---|---|
ტუნისი تونس | |
ქვეყანა | ტუნისი |
ვილაიეთი | ტუნისი |
კოორდინატები | 36°48′00″ ჩ. გ. 10°11′00″ ა. გ. |
მერი | აბას მოჰსენი |
ფართობი | 212.63 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 4 მ |
მოსახლეობა | 1,200,000 კაცი (2008) |
აგლომერაცია | 3,980,500 |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 71 |
საფოსტო ინდექსი | 1000 |
ოფიციალური საიტი | commune-tunis.gov.tn |
ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, რაც აქ არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს. აქვე არის ტუნისის ყურე. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ტუნისის ტბა. ამ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არის ქალაქი ჰალკ-ელ-უედი. ქალაქ ტუნისის სიახლოვეს მდებარეობს ანტიკური დასახლება კართაგენი, რომელიც 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ქალაქის სიახლოვეს არსებობს მრავალი ძველი, სამარხი, აბანო და ამფითეატრი. ამ ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 8 000 წლის წინ დასახლდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში აქ ბერბერები სახლობდნენ. მოგვიანებით უკვე აქ არსებული ქალაქი შევიდა კართაგენისა და ნუმიდიის სახელმწიფოების შემადგენლობაში. ნუმიდიის სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ეს დასახლება უშუალოდ კართაგენის ნაწილი გახდა. მესამე პუნიკური ომის შემდეგ, კართაგენი დამარცხდა რომთან, რომაელებმა აქ არსებული ქალაქი დაანგრიეს. ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნისთვის ჩრდილოეთი აფრიკა, მათ შორის ტუნისიც მოექცა არაბების გავლენის ქვეშ. აქ დაარსდა პორტი, რამაც ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 973 წლიდან ამ ტერიტორიას ზირედების დინასტია მართავდა. 1121 წლიდან ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე შეიქმნა ალმოჰადების სახალიფო, ქალაქი ტუნისი ამ ახალ სახელმწიფოში გაერთიანდა. 1229-1574 წლებში ტუნისს განაგებდნენ ჰაფსიდები. ამ პერიოდში ქალაქის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ ტუნისს ეკისრებოდა ვაჭრობის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეგიონში. XVI საუკუნესთვის ტუნისი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალთა მმართველობის შემდეგ, ქალაქი 1881 წელს ფრანგების ხელში გადავიდა, ფრანგულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ტუნისის ფართობი.