ტრისტან და იზოლდა (ოპერა)
რიხარდ ვაგნერის ოპერა / From Wikipedia, the free encyclopedia
„ტრისტან და იზოლდა“ (გერმ. Tristan und Isolde) — რიხარდ ვაგნერის მუსიკალური დრამა (ოპერა) სამ მოქმედებად კომპოზიტორის ლიბრეტოთი, დაფუძნებული გოტფრიდ ფონ შტრასბურგის „ტრისტანზე“ (XII ს.). დაიწერა 1857-1859 წლებში და პირველად შესრულდა მიუნხენის ნაციონალურ თეატრში, ჰანს ფონ ბიულოვის დირიჟორობით, 1865 წლის 10 ივნისს. ვაგნერი ნაწარმოებს უწოდებდა არა ოპერას, არამედ „eine Handlung“ (სიტყვასიტყვით, „დრამა“, „სცენარი“, „მოქმედება“). მსგავს ტერმინს იყენებდა თავისი დრამებისთვის ესპანელი დრამატურგი პედრო კალდერონიც.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტრისტან და იზოლდა (ოპერა)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტრისტან და იზოლდა (ოპერა) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ვაგნერის მიერ „ტრისტან და იზოლდას“ შექმნა შთაგონებული იყო არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიით, განსაკუთრებით, მისი ნაშრომით „სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა“, აგრეთვე, სასიყვარულო ურთიერთობით მატილდა ვეზენდოკთან. „ტრისტანი“, რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საოპერო რეპერტუარის ერთ-ერთი მწვერვალი, აგრეთვე გამორჩეულია ვაგნერის მიერ ქრომატიზმის, ტონალური გაურკვევლობის, საორკესტრო ფერის და ჰარმონიული დაძაბულობის უპრეცედენტო გამოყენებით.
ოპერას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლურ კლასიკურ მუსიკაზე და წარმოადგენდა პირდაპირი შთაგონების წყაროს ისეთი კომპოზიტორებისთვის, როგორიცაა გუსტავ მალერი, რიხარდ შტრაუსი, კაროლ შიმანოვსკი, ალბან ბერგი, არნოლდ შონბერგი და ბენჯამინ ბრიტენი. სხვა კომპოზიტორებმა, როგორიცაა კლოდ დებიუსი, მორის რაველი და იგორ სტრავინსკი, თავიანთი სტილების ფორმულირება, ნაწილობრივ, ვაგნერის გავლენის საპირისპიროდ მოახდინეს. ბევრი ხედავს „ტრისტანს“, როგორც პირველ გამოსვლას ტრადიციული ჰარმონიისა და ტონალობისგან და როგორც მიმართულების მიმცემს XX საუკუნის კლასიკური მუსიკისთვის.[1] ვაგნერის ლიბრეტოს სტილმა და მუსიკამ ძირეული გავლენა მოახდინა გვიან XIX და ადრეული XX საუკუნის სიმბოლისტ პოეტებზეც.[2]