ტრაპიზონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრაპიზონი, ტრაბზონი, ტრაპეზუნტი (თურქ. Trabzon, ბერძ. Τραπεζούντα, ლაზ. ტრამტრა ან ტამტრა[1]) — ქალაქი თურქეთში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქი; ისტორიული ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი. ტრაპიზონში თურქეთის სხვა ძველბერძნულ ქალაქებთან შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ბიზანტიური არქიტექტურა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტრაპიზონი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტრაპიზონი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ქალაქი | |
---|---|
ტრაპიზონი Trabzon | |
ქვეყანა | თურქეთი |
დაქვემდებარება | მეტროპოლიური მუნიციპალიტეტი |
პროვინცია | ტრაპიზონის პროვინციატრაპიზონის პროვინცია |
შიდა დაყოფა | 18 რაიონი |
კოორდინატები | 41°00′00″ ჩ. გ. 39°44′00″ ა. გ. |
მერი | მურატ ზორლუღლუ |
დაარსდა | ძვ. წ. 756 |
ფართობი | 188,85 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მ |
კლიმატის ტიპი | ოკეანური კლიმატი |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 328 457 კაცი (2020) |
სიმჭიდროვე | 1739 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 816 684 |
ეროვნული შემადგენლობა | თურქები |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 462 |
საფოსტო ინდექსი | 6100 |
ოფიციალური საიტი | trabzon.bel.tr |
ტრაპიზონის მოსახლეობის უმრავლეობა ეთნიკურად თურქია, თუმცა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ტრაპიზონსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები, ლაზები, სომხები და სხვა ეთნიკური ჯგუფები.
ტრაპიზონი დააარსეს მილეტელმა ვაჭრებმა ძვ. წ. 756 წელს სინოპსა და აბიდოსთან ერთად. ძვ. წ. VI საუკუნიდან ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებამდე ტრაპიზონი აქემენინანთა იმპერიის მფლობელობაში იყო. ალექსანდრეს ომების შედეგად შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ. წ. II საუკუნეში ტრაპიზონი პონტოს სამეფოს ნაწილი გახდა. ძვ. წ. 66-65 წლებში პონტოს სამეფო იქცა ჯერ რომის ვასალურ სახელმწიფოდ, ხოლო I საუკუნიდან რომის იმპერიის უშუალო ნაწილი გახდა და ამ დროიდა მოყოლებული XIII საუკუნემდე ის ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიის მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. 1204 წლიდან ტრაპიზონი გახდა საქართველოს სამეფოს მიერ შექმნილი სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიიის დედაქალაქი. ამ პერიოდში ქალაქმა ძლიერი ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მალევე, 1461 წელს ტრაპიზონი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და მის ერთ-ერთ სანჯაყად იქცა. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ტრაპიზონი უმნიშვნელო ქალაქად რჩებოდა XIX საუკუნემდე. XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი რუსეთის იმპერიასთან ვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. XIX საუკუნეში ქალაქში განვითარდა ნავსადგური, საბანკო-საფინანსო სექტორი, გაიხსნა კულტურის დაწესებულებები. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.
ტრაპიზონის ხელახალი ეკონომიკური აღმავლობა XX საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის დანგრევამ და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის გახსნამ განაპირობა. განვითარდა ვაჭრობა, ტურიზმი, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, გაიზარდა მოსახლეობა. დღეს ტრაპიზონი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და სამრეწველო ცენტრია, განვითარებულია თევზის და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ტრაპიზონი ცნობილია ისტორიული ძეგლებით, კულტურით, ადგილობრი სამზარეულოთი და საფეხბურთო კლუბი „ტრაბზონსფორით“, რომელიც თურქეთის წამყვან კლუბებს განეკუთვნება.