ტოსკა
From Wikipedia, the free encyclopedia
„ტოსკა“ (იტალ. Tosca) — ჯაკომო პუჩინის ოპერა სამ მოქმედებად ლუიჯი ილიკას და ჯუზეპე ჯაკოზას ლიბრეტოთი. მისი პრემიერა გაიმართა რომის Teatro Costanzi-ში 1900 წლის 14 იანვარს. ნაწარმოები ეფუძნება ვიქტორიენ სარდუს ფრანგულენოვან დრამატულ პიესას La Tosca (1887). მისი მოქმედება ვითარდება რომში, 1800 წლის ივნისში, როცა ქალაქზე ნეაპოლის სამეფოს კონტროლს იტალიაში ნაპოლეონის შემოჭრა ემუქრება. იგი შეიცავს წამების, მკვლელობის და თვითმკვლელობის ამსახველ სცენებს, ისევე, როგორც პუჩინის რამდენიმე ყველაზე ცნობილ ლირიკულ არიას.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტოსკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტოსკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პუჩინიმ სარდუს პიესა 1889 წელს, მისი იტალიური ტურნეს ფარგლებში იხილა და გარკვეული სირთულეების შემდეგ, 1895 წელს მისი ოპერად ქცევის უფლება მოიპოვა. მრავალსიტყვიერი ფრანგული პიესის მოკლე და ნათელ იტალიურ ოპერად ქცევას ოთხი წელი დასჭირდა, რომელთა განმავლობაშიც კომპოზიტორი თავის ლიბრეტისტებთან და გამომცემელთან მუდმივ დავაში იყო. „ტოსკას“ პრემიერა რომში არეულობის ფონზე წარიმართა და ჩაშლის შიშით პირველი წარმოდგენის გადადებაც კი გახდა საჭირო. კრიტიკოსთა უგულო გამოხმაურების მიუხედავად, ოპერამ მსმენელთა შორის დაუყოვნებლივ მიაღწია წარმატებას.
მუსიკალურად, „ტოსკას“ სტრუქტურა უწყვეტია და მასში არიები, რეჩიტატივები, გუნდები და სხვა ელემენტები ერთ მუსიკალურ მთლიანობაშია ჩაქსოვილი. პუჩინიმ პერსონაჟების, საგნების და იდეების იდენტიფიცირებისთვის ვაგნერული ლაიტმოტივები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ზედაპირულ მელოდრამას დამაბნეველი შინაარსით, [1][2] მისი მუსიკალური სიძლიერე და გაორკესტრების ინოვაციურობა ფართოდაა აღიარებული. „ტოსკას“ და მისი პერსონაჟების დრამატული ძალა დღემდე აღაფრთოვანებს მსმენელსაც და შემსრულებლებსაც და იგი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებულ ოპერად. არსებობს ნაწარმოების უამრავი როგორც სტუდიური, ისე ცოცხალი ჩანაწერი.