სოციალ-დემოკრატია
From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალ-დემოკრატია — წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ მოახდინოს კაპიტალიზმის რეფორმირება და მისი სოციალური თანასწორობის ეთიკურ იდეალებთან თანხმობაში მოყვანა, კაპიტალისტური წარმოების მეთოდის შენარჩუნების პირობებში, რაც მას განასხვავებს სხვა, ალტერნატიული სოციალისტური ეკონომიკური სისტემებისგან. პრაქტიკაში თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული პოლისები საკუთარ თავში მოიცავენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებასა და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას, რაც მშრომელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.
ისტორიულად, სოციალ დემოკრატია ევოლუციური რეფორმისტური სოციალიზმის ფორმას წარმოადგენს. XX საუკუნის დასაწყისში ძირითადმა ევროპულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქმა დაიწყეს მარქსიზმის ელემენტებზე, რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც გულისხმობდა იმის რწმენას რომ სოციალიზმის დამყარება პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ დროისათვის განსხვავება სოციალ-დემოკრატიასა და დემოკრატიულ სოციალიზმს შორის ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული. სოციალისტური ინტერნაციონალის ფრანკფურტის დეკლარაცია 1951 წელს, რომლის შექმნაშიც მრავალმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უპირისპირდებოდა და უარყოფდა ბოლშევიკურ კომუნიზმსა და სტალინიზმს და მიზნად ისახავდა კაპიტალიზმის სოციალიზმში თანდათანობით ტრანსფორმაციას. ბევრი დემოკრატი სოციალისტი მხარს უჭერდა სოციალ-დემოკრატიას, როგორც გზას არსებული სისტემის რეფორმირებისათვის, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სოციალისტური მიზნების მიღწევისათვის, უფრო რადიკალური და რევოლუციური ტაქტიკის უპირატესობას აღიარებდნენ. მეორე მხრივ თანამედროვე სოციალ-დემოკრატია აქცენტს აკეთებს კაპიტალიზმის თანდათანობით საკანონმდებლო გზით რეფორმირების პროგრამაზე, რათა მიღწეულ იქნას უფრო მეტი სამართლიანობა და ჰუმანურობა, თეორიულად კი საბოლოო მიზანი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის შესახებ თითქმის მთლიანად იქნა დავიწყებული.
ახალი მემარჯვენეობისა და ნეოლიბერალიზმის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარი თქვეს კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე თანდათანობით ევოლუციური გზით გადასვლის მიზანზე და სანაცვლოდ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კაპიტალიზმის მხარდაჭერა დაიწყეს. სოციალ-დემოკრატია წარმოიშვა როგორც დემოკრატიული სოციალიზმისგან განსხვავებული იდეოლოგია. ბევრ ქვეყნებში სოციალ-დემოკრატები არსებობენ დემოკრატიულ სოციალისტებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრზე, მათზე უფრო მარცხნივ არიან განლაგებულნი. ეს ორი მოძრაობა ზოგჯერ ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით მოქმედებს, როგორებიცაა ბრაზილიის მუშათა პარტია და საფრანგეთის სოციალისტური პარტია. უკანასკნელ წლებში ზოგიერთმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა(მაგალითად ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ) გაიზიარეს უფრო ცენტრისტული, მესამე გზის პოლიტიკური პოზიციები. ამგვარმა განვითარებამ მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ წრეებში მნიშვნელოვანი დისკუსიები გამოიწვია.
სოციალისტური ინტერნაციონალი სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი სოციალისტური პარტიების მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ პრინციპებს აღიარებს: პირველი, თავისუფლება - არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლება რაიმე სახის დამოკიდებულებისგან წარმოების საშუალებების მფლობელებისგან ან პოლიტიკოსთა მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან; მეორე, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა - თანასწორობა არა მხოლოდ კანონის წინაშე, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული თანასწორობა; თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, მათ შორის ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაც; და მესამე, სოლიდარობა - ერთობა და თანაგრძნობის გრძნობა უსამართლობისა და უთანასწორობის მხვერპლთა მიმართ. სწორედ ეს იდეალებია(უფრო ვრცლად) ასახული სოციალისტური ინტერნაციონალის პრინციპების დეკლარაციაში.