სიმონ დე ბოვუარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონ დე ბოვუარი (ნამდვილი სახელი ჟანა მარი ბერტრან დე ბოვუარი, დ. 9 იანვარი, 1908, პარიზი — გ. 14 აპრილი, 1986, პარიზი) — ფრანგი მწერალი, ინტელექტუალი, ეგზისტენციალისტი ფილისოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი, ფემინისტი და სოციალური თეორიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც ფემინისტურ თეორიაზე, აგრეთვე ფემინისტურ ეგზისტენციალიზმზე.[14]
ბოვუარის შემოქმედება ფილოსოფიური, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რომანებს, ესეებს, ბიოგრაფიებს, ავტობიოგრაფიებსა და მონოგრაფიებს მოიცავს. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია 1949 წლის წიგნი „მეორე სქესი“, რომელიც ისტორიის მანძილზე ქალთა შევიწროების დეტალურ ანალიზს წარმოადგენს და თანამედროვე ფემინიზმის დამფუძნებელ ტრაქტატად მიიჩნევა. ბოვუარის ლიტერატურულ წვლილში უდიდესი ნაწილი უკავია მის მემუარებს, რომელთა შორის აღსანიშნავია პირველი ნაწილი, „ზრდილი ქალიშვილის მოგონებანი“ (1958).[15] 1954 წელს ბოვუარმა გონკურის პრემია მოიპოვა, 1975 წელს იერუსალიმის პრემია მიიღო, ხოლო 1978 წელს მას ევროპულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრიის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ბოვუარი ცნობილი იყო ჟან-პოლ სარტრთან ღია ურთიერთობით. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე სარტრის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო.