სატრიუმფო თაღი (პარიზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სატრიუმფო თაღი (ფრანგ. L’Arc de triomphe de l’Étoile) — მონუმენტი პარიზში, საფრანგეთში; დგას შანზ-ელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში, შარლ დეგოლის მოედნის (ყოფილი ვარსკვლავის მოედნის) ცენტრში. ამ მოედანზე პარიზის 16 ფართო გამზირი გამოდის. თაღი მდებარეობს ერთდროულად პარიზის სამ რაიონში, მე-16-ში, მე-17-სა და მე-8-ში. სატრიუმფო თაღი ეძღვნება საფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში საფრანგეთისთვის დაღუპულებს. მის ქვეშ განისვენებს პირველ მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცი. ის აქ 1920 წლის „დაზავების დღეს“ დამარხეს. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სადიდებლად საფლავზე მარადიული ცეცხლი ანთია. ყოველი წლის 11 ნოემბერს ხსოვნის საზეიმო ცერემონია იმართება.
სატრიუმფო თაღი | |
---|---|
Arc de Triomphe | |
ალტერნატიული სახელები | Arc de Triomphe de l'Étoile |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | სატრიუმფო თაღი |
არქიტექტურული სტილი | ნეოკლასიციზმი |
ქვეყანა | საფრანგეთი[1] [2] |
მდებარეობა | შარლ დეგოლის მოედანი (ყოფილი ვარსკვლავის მოედანი) |
კოორდინატები | 48°52′26″ ჩ. გ. 2°17′42″ ა. გ. |
დაიწყო | 15 აგვისტო, 1806[3] |
გაიხსნა | 29 ივლისი, 1836[4] |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 50 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
ჟან შალგრენი ლიუ-ეტიენ ერიკა დე ტური |
სატრიუმფო თაღი ისტორიული ღერძის (ფრანგ. Axe historique —მონუმენტებისა და ქუჩების ერთობლიობაა პარიზში, რომელიც ლუვრის ეზოდან იწყება და ლა დიფინსის დიდი თაღით სრულდება) ცენტრალური ელემენტია. ის კლასიკური არქიტექტურული სტილისაა და ანტიკური რომის თაღებს ჰგავს, თუმცა ჩუქურთმებით აშკარად აღემატება წინამორბედებს. თაღი 1806 წელს ჟან შალგრენმა დააპროექტა (შალგრენი 1811 წელს გარდაიცვალა და 30 წლის განმავლობაში, სანამ თაღის მშენებლობა დასრულდებოდა, იგი რამდენიმე არქიტექტორმა შეცვალა). თაღი ცნობილია საფრანგეთის გამორჩეული მოქანდაკეების მიერ შექმნილი ფრიზებით. აქ ასახულია სცენები საფრანგეთის მიერ გამართული, მეტწილად, ნაპოლეონის ომებიდან. ოთხივე ფრიზს საკუთარი სახელი აქვს: „წინააღმდეგობა“. „მშვიდობა“, „1810 წლის ტრიუმფი“ და „1792 წლის მოხალისეთა გამგზავრება“ ანუ „მარსელიეზა“. თაღის შიდა კედლებზე საფრანგეთის პირველი იმპერიის გენერლების სახელებია ამოკვეთილი, ხოლო სვეტებზე - ნაპოლეონის მოგებული ომების სახელები. ზედა, ფრონტონის ფრიზზე ფრანგი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, მათ ზემოთ კი ოცდაათი ფარია გამოკვეთილი - რევოლუციისა და ნაპოლეონის გამარჯვებების სიმბოლო.
50 მ სიმაღლის, 45 მ სიგანისა და 22 მ სისქის ეს თაღი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატრიუმფო თაღი იყო 1938 წლამდე, სანამ მეხიკოში რევოლუციის მონუმენტს არ ააშენებდნენ. ახლა ის სიდიდით მეორეა მსოფლიოში. იგი იმდენად დიდია, რომ 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად მფრინავმა შარლ გოდფრუამ მის ქვეშ ბიპლანით გაიფრინა.