სალემის ჯადოქართა სამსჯავრო
From Wikipedia, the free encyclopedia
სალემის ჯადოქართა სამსჯავრო — სასამართლო პროცესები რომელიც მიმდინარეობდა 1692—1693 წლებში, რომელსაც შედეგად მოჰყვა მასაჩუსეტსის შტატის სოფელ სალემელთა გასამართლება და დასჯა. ჯადოქრობის ბრალდებით ჩამოახრჩეს 20 ადამიანი (14 ქალი და 6 მამაკაცი). 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ხუთი ადამიანი ციხეში გარდაიცვალა.
სალემში 1692 წლის თებერვლიდან 1693 წლის მარტის ჩათვლით ჯადოქრობაში დადანაშაულებულთა სასამართლო პროცესები და გამოძიებები მიმდინარეობდა, რასაც სხვა სახის შედეგებთან ერთად 20 ადამიანის ჩამოხრჩობა მოჰყვა, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს სალემის კუდიანთა სამსჯავროს სახელით ვიცნობთ, ჯადოქრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სხვა ქალაქის მაცხოვრებლებსაც. 1692 წელს სალემის მსგავსი სიტუაცია იყო მასაჩუსეტსის კოლონიის სხვა ქალაქებშიც: იფსვიჩში, ენდოვერსა და ქალაქ სალემში.
საბოლოო ჯამში, კუდიანობის ბრალდებით 19 ადამიანი ჩამოახრჩვეს და ერთი სიკვდილამდე აწამეს (იგი არ იყო ბრალდებული). დადანაშაულეულთა ერთი მესამედი ეკლესიის წევრი იყო. 50-მა ადამიანმა, რომელმაც აღიარა დანაშაული და სხვებიც დაასმინა, შეიწყალეს და ჩამოხრჩობის ნაცვლად პატიმრობაში დატოვეს. ციხეში 150 ზე მეტი ადამიანი იჯდა ხოლო ჯამში 200 ბრალდებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხეში არსებული სასტიკი პირობების გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის ისტორიის ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია და უკავშირდება ერთდროულად ისტერიას, იზოლაციასა და რელიგიურ ექსტრიმიზმს. მრავალი ისტორიკოსი თვლის, რომ ჯადოქრებზე ნადირობამ დიდი გავლენა იქონია ამერიკის შემდგომ განვითარებაზე. აი რას წერს ჯორჯ ლინკოლნ ბური ამის შესახებ:
„უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“ | |
სალემის ჩამოხრჩობების სერია პირველი არ ყოფილა არც ამერიკისა და არც ინგლისის ისტორიაში. წიგნში, „Memorial History of Boston: including suffolk country Masachusetts 1630—1880" წერია 1692 წლამდე ინგლისში ჩამოხრჩობილი 12 ადამიანის სახელი, ხოლო სალემში 24 ჩამოხრჩობილის. არსებობს ცოტა ადრეული ჩანაწერებიც გუდვინის ბავშვების შესახებ, რომლებსაც, როგორც დედა ამბობდა, კუდიანები აწამებდნენ. გოგონებმა დაადანაშაულეს ქალი სახელად გუდი ქლევერი, როგორც ადამიანი, რომელმაც ისინი დაწყევლა. გუდი ირლანდიელი იყო ამიტომაც მას ინგლისურად გამართულად ლაპარაკი არ შეეძლო. ხალხს მიაჩნდა, რომ თუ ადამიანი კუდიანი იყო, მაშინ იგი ვერ შეძლებდა ლოცვის გამეორებას. ბრალდებულმა გუდიმ ირლანდიული აქცენტის გამო ვერ შეძლო სიტყვასიტყვით გაემეორებინა ლოცვა და ისიც დამნაშავედ ცნეს. 1688 წლის 16 ნოემბერს იგი ჩამოახრჩეს.
ჯადოქრობაზე რწმენები არ იყო ახალი და სათავეს უძველესი დროიდან იღებდა. წარმართულ რელიგიაში ერთ-ერთი ღმერთი ნახევრად ადამიანი და ნახევრად თხა იყო. ქრისტიანებმა ღმერთის ამ გამოსახულებას ფრთები დაუმატეს და ამგვარად გამოსახეს სატანა. რა თქმა უნდა, სატანას მსახურებიც სჭირდებოდა. ხალხს სწამდა რომ ქალები ეშმაკს სულს ყიდდნენ მიწიური სიამოვნებებისა და სიმდიდრის სანაცვლოდ. ამგვარი ქალების სახელებს სატანა თავის რვეულში სისხლით წერდა და ისინიც სამუდამოდ მის მონებად რჩებოდნენ.
მსგავსი აზროვნება ევროპაში XV საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა და მოგვიანებით გავრცელდა ამერიკაში. ადამიანებს სჯეროდათ, რომ შელოცვით იზრდებოდა მცენარისა და ცხოველის ნაყოფიერება, შესაძლო იყო მომავლის ჩვენება და მტრების სათანადოდ დასჯა. 1560—1670-იან წლებში თეთრი მაგია შავად გარდაიქმნა და ადამიანებმა ჯადოქრობაში ეშმაკის ხელი დაინახეს. ჟოზეფ გლანვილი თავის წიგნში წერდა, რომ მას შეეძლო დაემტკიცებინა დემონის არსებობა. იგი იმასაც ამბობდა, რომ ეშმაკის და ეგზორციზმის უარყოფა ანგელოზებისა და ღმერთის უარყოფასაც ნიშნავდა. განვილისა და კოტონ მაზერის ნამუშევრები ადამიანებს უნერგავდა რწმენას ეშმაკის დედამიწაზე არსებობის შესახებ და მუდმივ შიშში აცხოვრებდა მათ.