რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთ-საქართველოს ომი (აგრეთვე ცნობილი როგორც აგვისტოს ომი და 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი) — შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ - საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ - რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუსეთ-საქართველოს ომი (2008)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუსეთ-საქართველოს ომი (2008) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-საქართველოს ომები. |
რუსეთ-საქართველოს ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქართულ-ოსური კონფლიქტის და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი | |||||
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2008 წლის ომამდე. | |||||
თარიღი | 1 აგვისტო - 16 აგვისტო | ||||
მდებარეობა | საქართველო | ||||
შედეგი |
რუსეთის/სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების გამარჯვება
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
რუსეთ-საქართველოს ომი ვიკისაწყობში |
ომი რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებული ოსი სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვით დაიწყო,[26][27][28][29] რაც 1992 წლის სოჭის შეთანხმების დარღვევა იყო.[30][31] 7 აგვისტოსთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილმა დაარღვია საქართველოს სუვერენული საზღვარი და საქართველოში შემოიჭრა.[31][32][33][34][35][36][37][38] ქართულ სოფლებზე თავდასხმების შესაჩერებლად, 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჯარისო დანაყოფები შევიდნენ და მალევე დაიკავეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ცხინვალი.[39][40][41] რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს წაუყენა ცრუ და პროპაგანდისტული ბრალდებები „გენოცდსა“[42] და „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“,[39] და დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების გამოყენებით.[43] ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულ ჯარებს მოუწიათ ცხინვალის რეგიონიდან უკან დახევა. ამავე დროს, რუსული და აფხაზური ძალები თავს კოდორის ხეობას დაესხნენ. რუსეთის ფლოტმა ბლოკადაში მოაქცია საქართველოს საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილი, ხოლო რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს სხვადასხვა ობიექტები კონფლიქტის ზონაში და მის მიღმა. სამხედრო ოპერაციებთან ერთად, აგვისტოს ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი ომი, როდესაც ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ იყო გამოყენებული კიბერსამხედრო ოპერაციები კონვენციურ სამხედრო ოპერაციებთან ერთად. რუსეთის მიერ დროებით იყო ოკუპირებული ქალაქები ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.
ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება,[44] თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.[45] შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა, თუმცა ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2023 წლის მდგომარეობით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მათ შორის - სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევით - იმ ტერიტორიების, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.[46][47][48] რუსული მხარის მიერ რეგიონში გრძელდება „მცოცავი ოკუპაცია“, ადამიანების გატაცებები და მკვლელობები.
ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული სოფლების უმრავლესობა და განახორციელეს ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა. რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რასაც მოყვა ქართული მხარის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. რუსეთის საერთაშიროსი ურთიერთობები ომის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია 200 000-მდე (სხვადასხვა შეფასებით) ადამიანს, საიდანაც დაახლ. 20 000 შემდგომში უკან ვეღარ დაბრუნდა და დევნილად იქცა. 2021 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.[49][50] 2022 წელს საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცა რუსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერი.[51]