რუნები
From Wikipedia, the free encyclopedia
რუნები ან რუნული წარწერები — ძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას.[1][2] ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოეტრუსკული ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუნები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუნები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
რუნები | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | ძველგერმანული, ძველსკანდინავიური, ანგლოსაქსონური, ძველისლანდიური, შვედური | |
შექმნა | ჩრდილო და დასავლეთი ევროპა | |
დროის პერიოდი: | I—XIX საუკუნეები | |
წინამორბედი დამწერლობები: | რუნები | |
ISO 15924 კოდი: | Runr | |
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.[1][3][4]
ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).