რადოვან კარაჯიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
რადოვან კარაჯიჩი (სერბ. Радован Караџић; დ. 19 ივნისი, 1945, პეტნიიცა, ჩერნოგორია, იუგოსლავია) — ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსი, ფსიქიატრი, ბოსნიის ომის დროს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი. ომიდან რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) იგი დამნაშავედ ცნო გენოციდში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში.[1]
რადოვან კარაჯიჩი | |
რადოვან კარაჯიჩი 2016 წელს | |
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 აპრილი, 1992 – 19 ივლისი, 1996 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ბილიანა პლავშიჩი, ნიკოლა კოლიევიჩი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ბილიანა პლავშიჩი |
სერბთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 1992 – 19 ივლისი, 1996 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ალექსა ბუჰა |
დაბადებული | 19 ივნისი, 1945 (1945-06-19) (78 წლის) პეტნიიცა, ჩერნოგორია, იუგოსლავია |
მოქალაქეობა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ეროვნება | სერბი |
მეუღლე | ლილიანა ზელენ კარაჯიჩი |
შვილები | 2 |
განათლება | სარაევოს უნივერსიტეტი |
პროფესია | ფსიქიატრი |
ხელმოწერა |
რადოვან კარაჯიჩი იყო პრაქტიკოსი ფსიქიატრი. მან ბოსნია და ჰერცეგოვინაში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სერბთა დემოკრატიული პარტია და 1992 წლიდან 1996 წლის ჩათვლით იყო სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტიც. 1996 წლიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით იგი იმალებოდა, გაურბოდა რა ICTY-ის მიერ წარდგენილ ბრალს.[2] ბრალდების მხარე კარაჯიჩს ედავებოდა ომის დანაშაულებს, რომელიც მოიცავდა ბოსნიის ომის დროს (1992-1995) ბოსნიელი და ხორვატი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს.[2] ბრალდების კვალდაკვალ, რადოვან კარაჯიჩი, საერთაშორისო ძებნის პერიოდში, მუშაობდა სერბეთში, ბელგრადში ალტერნატიული მედიცინისა და ფსიქოლოგიის ცენტრში და იყენებდა სხვა სახელსა და გვარს.[3]
რადოვან კარაჯიჩი დააკავეს ბელგრადში 2008 წლის 21 ივლისს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე. მისი ექსტრადიცია მოხდა ნიდერლანდებში, სადაც ICTY-ის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპყრობილეში მოათავსეს, რომელიც სხევენინგენში მდებარეობს. საპყრობილეში მას წარუდგინეს 11-პუნქტიანი ბრალდება, რომელიც მოიცავდა ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.[4][5] დასავლურმა მედიამ მას ზედმეტსახელი „ბოსნიელი ყასაბი“ შეარქვა.[6][7][8] იგივე მეტსახელით მოიხსენიებენ სერბთა რესპუბლიკის გენერალს რატკო მლადიჩსაც.[9][10][11]
2016 წლის 24 მარტს, კარაჯიჩს ბრალი დაუმტკიცდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის, სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. საბოლოო ჯამში წარდგენილი 11 ბრალიდან მას 10 დაუმტკიცდა და მიესაჯა პატიმრობა 40 წლის ვადით.[12][13] 2016 წლის 22 ივლისს მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში, რომელიც 2019 წლის 20 მარტს არ დაკმაყოფილდა და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება — 40 წლის ვადით პატიმრობა, შეეცვალა სამუდამო პატიმრობით.[14] 2021 წლის მაისში გამოცხადდა, რომ მას ბრიტანეთის ციხეში გადაიყვანენ.[15]