პოლონური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონური ენა (პოლონურად język polski ან polszczyzna) — პოლონელების ენა, მიეკუთვნება დასავლეთსლავური ენების ჩრდილოურ ჯგუფს და წარმოადგენს ინდოევროპულ ენათა ოჯახის ერთ-ერთ ქვეჯგუფს.
პოლონური ენა Język polski Polszczyzna | |
გავრცელებულია | პოლონეთი, ბელარუსი, უკრაინა, ჩეხეთი, ლიტვა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 43 მლნ.[1] |
ოფიციალური სტატუსი | პოლონეთი ევროკავშირი არეგულირებს: პოლონური ენის საბჭო |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანის პოლონური ვარიანტი |
ენის კოდები | ISO 639-1: pl ISO 639-2: pol ISO/FDIS 639-3: pol |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-pl}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — პოლონური ენა |
დასავლეთსლავური ენების ამ (ჩრდილოურ) ჯგუფს ლეხური, ან ლახური ენების ჯგუფსაც უწოდებენ. პოლონური ენათესავება კაშუბურ, ჩეხურ, სლოვაკურ და სორბულ ენებს. ეს უკანასკნელი (სორბული ენა) კი წარმოადგენს გერმანიაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ენას. 38 მილიონ პოლონურად მოლაპარაკეს ემატება დაახლ. 15–18 მლნ. საზღვარგარეთ მცხოვრები. პოლონურენოვანი მოსახლეობის დიდი რიცხვი მოდის უპირველეს ყოვლისა რუსეთზე, ლიტვაზე, ბელარუსზე, უკრაინაზე და ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოქმნილ თუ აღმდგარ სხვა სახელმწიფოებზე, ასევე ჩეხეთზე. პოლონელთა საკმაოდ მოზრდილი რაოდენობა ცხოვრობს კანადაში, ირლანდიაში, არგენტინასა და ავსტრალიაში. რიცხობრივად მნიშვნელოვანი პოლონური ეროვნული უმცირესობაა შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლ. 6–10 მლნ. პოლონელი უნდა ცხოვრობდეს. პოლონელები ცხოვრობენ ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრაზილიასა და საფრანგეთში.
პოლონურ ენას აქვს დიალექტები: დიდპოლონური (ველიკოპოლსკი), მცირე პოლონური (მალოპოლსკი), მაზოვური, სილეზიური ან შლეზიური და კაშუბური. ეს უკანასკნელი მხოლოდ პოლონეთშია მიჩნეული დიალექტად, ხოლო პოლონეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები და მოღვაწე სლავისტები, პოლონისტები კაშუბურს ცალკე ენად განიხილავენ.
პოლონური ენის ისტორიული განვითარების ყველაზე გავრცელებული (მიღებული) პერიოდიზაციაა:
- 1. ძველპოლონური - 1500 წლამდე,
- 2. საშუალოპოლონური - XVI ს.-დან XVIII ს.-ის მეორე ნახევრამდე,
- 3. ახალპოლონური - XVIII ს.-ის მეორე ნახევრიდან.
პოლონური დამწერლობა ლათინურ ანბანს ემყარება. უძველესი წერილობითი ძეგლია „სვენტოქშის ქადაგებანი“, რომელიც XIV ს-ის შუა წლებით თარიღდება.