პანგასინანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანგასინანი (პანგასინანის ენაზე: Luyag na Panggasinan; ტაგალურ ენაზე: Lalawigan ng Pangasinan) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კუნძულ ლუსონზე, ილოკოსის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ლინგაიენი. პანგასინანი კუნძულ ლუსონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლინგაიენის ყურესა და დასავლეთ ფილიპინების ზღვასთან. პროვინციის საერთო ფართობია 5 451.01 კმ². 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 2 956 726 ადამიანს უდრის. ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობა 1 651 814 ადამიანია.[4] პროვინციის დასავლეთ ნაწილი სამბალის ხალხით, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი პანგასინანის ხალხითაა დასახლებული. ეთნიკური მიგრაციის გამო, პროვინციის სხვადასხვა ნაწილში ილოკოს ხალხია გაფანტული.
პანგასინანი ეწოდება პროვინციას, ხალხსა და ენასაც. ადგილობრივ პანგასინანურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. პანგასინანის ენა, რომელიც პროვინციის ოფიციალური ენაა, ფილიპინებში ოფიციალურად აღიარებული ერთ-ერთი რეგიონული ენაა. პროვინციის უმრავლესობა პანგასინანის ხალხია, დანარჩენი კი ბოლინაოს და ილოკოს ტომებიდან არიან, რომლებიც პროვინციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ბინადრობენ.[5] პანგასინანის ენა მეორე ენაა პროვინციის ეთნიკური უმცირესობებისთვის. უმცირესი ეთნიკური ჯგუფებია ბოლინაოს ენაზე მოსაუბრე ზამბალები და ილოკოები.
პანგასინანი „მარილის ადგილს“ ან „ადგილს, სადაც მარილი მზადდება“ ნიშნავს. იგი პრეფიქსიდან პანგ, ფუძე-სიტყვიდან ასინ, რაც მარილს ნიშნავს და სუფიქს ან-ისგან შედგება, რაც „მდებარეობაზე“ მიუთითებს. პროვინცია მარილის წარმოებით პირველია ფილიპინებში. მთავარ პროდუქტებს შორისაა „დამარილებული თევზი“ და „კრევეტების პასტა“.
პანგასინანი პირველად ავსტრონეზიელებმა დააარსეს, რომლებიც საკუთარ თავს ანაკბანვას უწოდებდნენ. Luyag na Caboloan-ის სამეფომ შემდგომში ლუსონის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილიც დაიკავა და XVI საუკუნემდე არსებობდა, სანამ ესპანელები დაიპყრობდნენ. ანტიკური ეპოქის პანგასინანელები ზღვაოსნები და ვაჭრები იყვნენ. აყვავების პერიოდში პანგასინანელები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან, იაპონიასა და წყნარი ოკეანის სხვა ნაწილებთან ვაჭრობდნენ. სამეფოს სახელწოდება Luyag na Caboloan მოხსენიებულია ჩინურ და ინდურ ჩანაწერებში, სადაც აღნიშნულია, რომ მასზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტები გადიოდა.
პანგასინანის ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ასი კუნძულის ეროვნული პარკი, ალამინოსში და თეთრი ქვიშის პლაჟები ბოლინაოსა და დასოლზე. ქალაქი დაგუპანი ცნობილია ბანგუსის ფესტივალით. პანგასიანნი ცნობილია გემრიელი მანგოთი და კერამიკულ ღუმელში გამომცხვარი პუტოთი (ადგილობრივი ბრინჯის ნამცხვარი). პანგასინანს სტრატეგიული გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია ლუსონის ცენტრალურ დაბლობზე. იგი ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილის კარიბჭედაა აღიარებული.