ნიადაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიადაგი — დედამიწის ქერქის ზედა, ფხვიერი ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების ბიოსფეროს, ჰავის, რელიეფის და ხნოვანების ერთობლივი მოქმედების შედეგად. წარმოდგენა ნიადაგზე, როგორც დამოუკიდებელ ბუნებრივ სხეულზე, რომელიც განსხვავდება ნიადაგთწარმომქმნელი დედაქანისაგან, შეიქმნა XIX ს. 80-იან წლებში ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლის ვასილი დოკუჩაევის მიერ. მანამდე ნიადაგი განიხილებოდა როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი. ნიადაგის არსებით თვისებად მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
ნიადაგთწარმოქმნის ძირითადი ფაქტორებია დედაქანი, ბიოსფერო, ჰავა, რელიეფი, ხნოვანება და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება.
დედაქანი სუბსტრატია, რომელიც ნიადაგთქარმოქმნის პროცესების ზემოქმედებით გარდაიქმნება ნიადაგად. დედაქანზე დიდადაა დამოკიდებული ნიადაგის გრანულომეტრული და ქიმიური შემადგენლობა, აგრეთვე მისი წყლის, ჰაერისა და სითბური რეჟიმი. ერთი და იგივე ქანი სხვადასხვა გეოგრაფიული ზონაში შეიძლება განსხვავებულ ნიადაგთწარმოქმნის პროცესს განიცდიდეს, ხოლო ასევე სხვადასხვა ქანი ერთსა და იმავე ზონაში ერთსა და იმავე ნიადაგთწარმოქმნას ექვემდებარებოდეს.
ბიოსფერო მოიცავს ცოცხალ (მცენარეულ და ცხოველურ) ორგანიზმებს. მცენარეულობა მონაწილეობს ნიადაგთწარმოქმნის პროცესში, ამდიდრებს მას ორგანული ნივთიერებებით მიწისქვეშა და მიწისზედა ნარჩენების სახით. ნიადაგის მინერალიზაცია და ჰუმიფიკაციის ხარისხი დამოკიდებულია ორგანული ნარჩენის რაოდენობასა და შედგენილობაზე. ნიადაგის ფაუნა ცხოველმოქმედებით აქტიურად მონაწილეობს ნიადაგთწარმოქმნისა და ნიადაგში მიმდინარე პროცესებში;
ჰავა დიდ გავლენას ახდენს ქანების გამოფიტვასა და ნიადაგის წყლის და სითბურ თვისებებზე, განსაზღვრავს მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს ხასიათს;
რეილიეფი განსაზღვრავს ტენისა და სითბოს განაწილებას ნიადაგის ზედაპირზე, ერიოზულ და სხვა დინამიკურ პროცესებს. დიდია მისი როლი ნიადაგთწარმოქმნისა და ნიადაგის ნაყოფიერების საქმეში;
ტერიტორიის ხნოვანება არსებით გავლენას ახდენს ნიადაგის აგებულებასა და შედგენილობაზე.
ადამიანის სამეურნეო ზემოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგთწარმოქმნასა და ნიადაგის ნაყოფიერების ჩამოყალიბებაში. იგი დაკავშირებულია ნიადაგების მელიორაციაზე, სასუქების გამოყენებაზე და სხვა.