ნიადაგების გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიადაგების გეოგრაფია — ნიადაგთმცოდნეობის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნიადაგის გავრცელების კანონზომიერებებს ნიადაგურ-გეოგრაფიული დარაიონების მიზნით. თავისი კვლევის დანიშნულების მიხედვით ნიადაგების გეოგრაფია დაკავშირებულია ფიზიკურ გეოგრაფიულ მეცნიერებასთან.
არსებობს ზოგადი და რეგიონული ნიადაგების გეოგრაფია.
- ზოგადი ნიადაგების გეოგრაფია — შეისწავლის ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორებს, ნიადაგების გეოგრაფიული განლაგების ზოგად კანონებს და ნიადაგსაფრის სტრუქტურის ტიპებს;
- რეგიონული ნიადაგების გეოგრაფია — განიხილავს ნიადაგების დარაიონების საკითხებს და აღწერს ნიადაგსაფრის თავისებურებებს ცალკეული რეგიონების მიხედვით.
ნიადაგების გეოგრაფიის კვლევის ძირითადი მეთოდია შედარებით-გეოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ხდება ნიადაგის გეოგრაფიული გავრცელების შესწავლა ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფართოდ იყენებენ კარტოგრაფირებას — ნიადაგების რუკის შედგენას. ნიადაგების გეოგრაფია შეიქმნა XIX საუკუნის ბოლოს და ვითარდება სოფლის მეურნეობის წარმოების მოთხოვნილებების, ნიადაგების ინვენტარიზაციისა და მათი შეფასების საჭიროებათა შესაბამისად.
რუსეთში ნიადაგების გეოგრაფიას საფუძველი ჩაუყარა ვასილი დოკუჩაევმა. მისმა ნიადაგურ-გეოგრაფიულმა სკოლამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს ნიადაგების გეოგრაფიის განვითარებაში, მისი სქემის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოს დეტალური ნიადაგების რუკები.