მუსიკის თეორია
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსიკის თეორია — მუსიკალური პრაქტიკისა და მუსიკის შესაძლებლობათა კვლევა. „ოქსფორდის მუსიკის კომპანიონში“ ტერმინ მუსიკის თეორიის სამი ურთიერთდაკავშირებული გამოყენება გვხვდება. პირველი შეეხება მუსიკის ელემენტებს, რომლებიც საჭიროა მუსიკალური ნოტაციის გასაგებად (გასაღების ნიშნები, ზომები და რიტმული ნოტაცია); მეორე აღნიშნავს მუსიკის შესახებ სწავლულთა და მკვლევართა მოსაზრებების შესწავლას ანტიკური დროიდან თანამედროვეობამდე; მესამე აზრით, მუსიკის თეორია წარმოადგენს მუსიკათმცოდნეობის (მუსიკოლოგიის) ქვედარგს, რომლის მიზანია, „განსაზღვროს მუსიკალური პროცესები და მუსიკის ძირითადი პრინციპები“. თეორიის მიმართ მუსიკოლოგიური მიდგომა განსხვავდება მუსიკალური ანალიზისგან იმით, რომ „იგი საწყის წერტილად ირჩევს არა ინდივიდუალურ ნაწარმოებს ან პერფორმანსს, არამედ ფუნდამენტურ მასალებს, რომლისგანაც ის აგებულია“.[1]
ხშირად, მუსიკის თეორია აღწერს, თუ როგორ ჰქმნიან მუსიკას მუსიკოსები და კომპოზიტორები, რა დროსაც, სხვა თემებთან ერთად განიხილება ბგერათწყობის სისტემები და კომპოზიციური ხერხები. რამდენადაც განსაზღვრება იმისა, თუ რა არის მუსიკა, გამუდმებით ფართოვდება, შესაძლოა, მეტად ინკლუზიური განმარტება იყოს, რომ მუსიკის თეორია შეეხება ყველა ბგერით ფენომენს, მათ შორის, სიჩუმეს, მუსიკასთან მიმართებით. თუმცა, ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ სახელმძღვანელო განმარტებას. მაგალითად, შუა საუკუნეებში გავრცელებულ კვადრივიუმის ტიპის ლიბერალური ხელოვნების უნივერსიტეტებში „მუსიკა“ ისწავლებოდა, როგორც პროპორციათა აბსტრაქტული სისტემა, რომელსაც მუსიკალური პრაქტიკისგან განცალკევებით განიხილავდნენ.[2] მიუხედავად ამისა, შუასაუკუნეების ეს დისციპლინა შემდგომ საუკუნეებში ბგერათწყობის სისტემების საფუძველი გახდა და მუსიკის თეორიის ისტორიის შესახებ თანამედროვე კვლევებში, როგორც წესი, გვხვდება.[3]
მუსიკის თეორია, როგორც პრაქტიკული დისციპლინა, მოიცავს მეთოდებსა და კონცეფციებს, რომლებსაც კომპოზიტორები და სხვა მუსიკოსები მუსიკის შექმნისთვის იყენებენ. ამ აზრით, მუსიკის თეორიის განვითარება, შემონახვა და გადაცემა შესაძლებელია, ვეძებოთ ზეპირ და წერილობით მუსიკალურ ტრადიციებში, ინსტრუმენტებში და სხვა არტეფაქტებში. მაგალითად, უძველესი ინსტრუმენტები შუამდინარეთიდან და ჩინეთიდან,[4] აგრეთვე, სხვა პრეისტორიული ადგილებიდან მსოფლიოს გარშემო ამჟღავნებენ დეტალებს მუსიკალური პრაქტიკისა და შესაძლოა, მუსიკის თეორიის ჩანასახების შესახებ, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მათი შემქმნელების მიერ გამოიყენებოდა. მსოფლიოს გარშემო როგორც უძველეს, ისე თანამედროვე კულტურებში მუსიკის თეორიის ღრმა ფესვები კარგად ჩანს მუსიკალური ინსტრუმენტებში, ზეპირ ტრადიციებსა და თანამედროვე მუსიკალურ პრაქტიკებში. ბევრ კულტურაში, სულ მცირე, მესოპოტამიისა და უძველესი ჩინეთის ცივილიზაციების დროიდან მოყოლებული, მუსიკის თეორია უფრო ფორმალურ დონეზეც არსებობდა, მაგალითად, წერილობითი ტრაქტატებისა და მუსიკალური ნოტაციის სახით. პრაქტიკული და კვლევითი ტრადიციები ერთმანეთს კვეთს, რადგან ბევრი პრაქტიკული ტრაქტატი სხვა ტრაქტატების ტრადიციას აგრძელებს, რომლებიც ხშირად არის მოხმობილი ან ციტირებული, როგორც კვლევითი ნაწერები ციტირებენ წინარე კვლევებს.
თანამედროვე აკადემიურ პრაქტიკაში მუსიკის თეორია მუსიკოლოგიის ქვედისციპლინაა, რომელიც, თავის მხრივ, მუსიკალური კულტურებისა და ისტორიის უფრო ფართო კვლევას წარმოადგენს. ეტიმოლოგიურად, „მუსიკის თეორია“ მუსიკის გააზრების აქტია. ბერძ. θεωρία ნიშნავს ყურებას, შეხედვას, გააზრებას, სპეკილაციას, მოსაზრებას, აგრეთვე, ხედს ან სანახაობას.[5] ამდენად, იგი ხშირად ორიენტირებულია აბსტრაქტულ მუსიკალური აპექტებზე, როგორიცაა ბგერათწყობის და ტონალური სისტემები, გამები, კონსონანსი და დისონანსი, რიტმული ურთიერთობები; მეორეს მხრივ, არსებობს თეორიის მიმართულება, რომელიც შეეხება პრაქტიკულ ასპექტებს, როგორიცაა მუსიკის შექმნა და შესრულება, გაორკესტრება, ორნამენტაცია, იმრპვიზაცია და ბგერის ელექტრონული წარმოქმნა.[6] პირს, რომელიც იკვლევს, ასწავლის და წერს მუსიკის თეორიის შესახებ, მუსიკის თეორეტიკოსი ეწოდება. უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობისათვის, როგორც წესი, ხელოვნების მაგისტრის, ან ხელოვნების დოქტორის ხარისხები მოითხოვება. ანალიზის მეთოდები ხშირად მოიცავს მათემატიკურ და გრაფიკულ ანალიზს, განსაკუთრებით კი, ანალიზს დასავლეთევროპული მუსიკალური ნოტაციაზე დაყრდნობით. გამოიყენება შედარებითი, აღწერილობითი, სტატისტიკური და სხვა სახის მეთოდებიც. სხვა თემებთან ერთად მუსიკის თეორიის სახელმძღვანელოები ხშირად შეიცავს მუსიკალური აკუსტიკის, მუსიკალური ნოტაციის, ტონალური მუსიკალური კომპოზიციის მეთოდების (ჰარმონიის და კონტრაპუნქტის) განხილვებს.