მუსიკალური ნოტაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსიკალური ნოტაცია — ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამოიყენება სმენით აღქმადი ინსტრუმენტული ან ვოკალური მუსიკის, ან მუსიკალურ ხმოვანებათა შორის სიჩუმის (ანუ პაუზების) ვიზუალური გადმოცემისათვის წერილობითი, ბეჭდური ან სხვა მეთოდით შექმნილი სიმბოლოების საშუალებით.
მუსიკალური ნოტაციის სახეები და მეთოდები სხვადასხვა დროში და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული იყო, ხოლო მისი უძველესი ფორმების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია. ერთსა და იმავე პერიოდშიც კი, თუნდაც ამჟამად, სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკა განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. მაგალითად, პროფესიონალური კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, როგორც წესი, სანოტო დგამებისა და ნოტების საშუალებით ჩაწერილ პარტიტურებს იყენებენ, ხოლო ქანთრის სტილის პროფესიონალი მუსიკოსებისთვის ძირითადი მეთოდი ნეშვილის ციფრული სისტემაა.
მუსიკალურ ნოტაციაში გამოყენებულ სიმბოლოებში მოიაზრება ნებისმიერი ძველი თუ თანამედროვე სიმბოლო, შექმნილი ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ქვაზე ან თიხის ფილებზე ამოკვეთილი, პაპირუსზე, პერგამენტზე ან ქაღალდზე დაწერილი, საბეჭდი დაზგის (დაახლოებით 1400-იანი წლებიდან) ან კომპიუტერული პრინტერების (დაახლოებით, 1980-იანი წლებიდან) გამოყენებით დაბეჭდილი სიმბოლოები.
მელოდიებისა და რიტმების გრაფიკული გამოსახვა ბევრ უძველეს კულტურაში იყო ცნობილი, თუმცა, არცერთი სისტემა არ იყო ყოვლისმომცველი, რის გამოც, მათი მუსიკალური ხელოვნების გაგება დღეს საკმაოდ შეზღუდულია. თანამედროვე მუსიკალურ ნოტაციას საფუძველი შუა საუკუნეების ევროპაში ჩაეყარა, რაც უკავშირდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიზანს, მოეხდინა ლიტურგიკული მსახურების უნიფიკაცია მსოფლიოს მასშტაბით. ეკლესიამ დაიწყო გრიგორიანული ქორალების ჩაწერა, რათა ეკლესიის მასშტაბით ყველგან ერთი და იგივე საგალობლები შესრულებულიყო. ნოტაციის განვითარება რენესანსის და ბაროკოს ეპოქებშიც გაგრძელდა. კლასიციზმის (1750-1820) და რომანტიზმის (1820-1900) ეპოქებში მასზე დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნოლოგიურმა განვითარებამ. XX და XXI საუკუნეების თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მუსიკალური ნოტაციის განვითარება არ შეწყვეტილა. ზოგიერთმა თანამედროვე კომპოზიტორმა შემოიღო გრაფიკული ნოტაცია, შეიქმნა კომპიუტერული პროგრამები მუსიკის ნოტაციისთვის. ამჟამად ნოტაციას იყენებს როგორც კლასიკური, ისე პოპულარული და ხალხური მიმართულების მუსიკა.