კოლუმბია (სიმბოლო)
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბია, ასევე ცნობილი, როგორც მის კოლუმბია 一 ამერიკის შეერთებული შტატების მდედრობითი პერსონიფიკაცია. გარდა აშშ-სა, წარმოადგენდა ამერიკისა და, ზოგადად, ახალ სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლიკურ გამოხატულებას. მისი გავლენით სახელი არაერთ კოლექტივს, ლოკაციასა თუ ნაწარმს ეწოდა, მათ შორის კი გამოსარჩევია კოლუმბიის ოლქი, რომლითაც აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონს მოიხსენიებენ, სამხრეთ კაროლინაში არსებული ქალაქი კოლუმბია, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ცნობილი ამერიკული პატრიოტული სიმღერა - „Hail Columbia“, ვაშინგტონის მიმდებარედ არსებული ამავე სახელის მქონე მდინარე და სხვა მრავალი. კოლუმბიამ თავისი ძლიერების ხანა მას შემდეგ დაკარგა, რაც XX საუკუნის 20-იან წლებში თავისუფლების ქანდაკების ფოტოები არნახული პოპულარობით ვრცელდებოდა, მიუხედავად ამისა, კოლუმბია, თავისუფლების ქანდაკებასთან ერთად, კვლავ განიხილებოდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერების სიმბოლოს გამომხატველი აბსტრაქტული წყარო, ზოგიერთ შემთხვევაში კი მან ზემოხსენებულ „ფრანგულ ძღვენთან“ ასიმილაციაც კი განიცადა.[1] ამით გამოსარჩევია ჰოლივუდში ჩამოყალიბებული ამერიკული ფილმების და ტელევიზიის საპროდუქციო კომპანიის - Columbia Pictures - ლოგო, რომელზეც კოლუმბია ჩირაღდნით ხელში თვით თავისუფლების ქანდაკებას ემსგავსება.
საწყის ეტაპზე ტერმინი კოლუმბია წარმოადგენდა ე.წ. "ნეო-ლათინური" ენიდან გამოსულ ტოპონიმს, რომლითაც ცამეტ კოლონიას მოიხსენიებდნენ. მისი სახელი წარმოდგა გენუელი მეზღვაურისა და აღმომჩენის, ქრისტეფორე კოლუმბის გვარის გალათინიზებით (მაგალითისთვის, ბრიტანია, გალია, ზელანდია და სხვანი).