კარლოტა ხოაკინა ესპანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლოტა ხოაკინა ესპანელი (ესპ. Carlota Joaquina de España, პორტ. Carlota Joaquina de Espahna; დ. 25 აპრილი, 1775 — გ. 7 იანვარი, 1830) — ბურბონთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა დაბადებით, პორტუგალიისა და ალგარვეს დედოფალი, ბრაზილიის იმპერატრიცა ქორწინებით.
ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უფროსი ქალიშვილი. 1785 წლის 10 მაისს დაქორწინდა პორტუგალიის დედოფალ მარია I-ისა და პედრუ III-ის ვაჟზე, ბეჟას ჰერცოგ ჟუან დე ბრაგანსაზე. მათი ქორწინებით გამყარდა ესპანეთ-პორტუგალიის ალიანსი.
პორტუგალიაში ჩასვლიდან მალევე ხალხის დიდი ზიზღის ობიექტი გახდა, თუმცა მან შეძლო, გადააბიჯა საზოგადოების ანტიპათიას და ქმარზე გავლენის მოხდენით იცავდა ესპანეთის ინტერესებს.
პორტუგალიის სამეფო კარიდან ბრაზილიაში გაქცევის შემდეგ კარლოტა ხოაკინამ ქმრის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო და აცხადებდა, რომ ჟუანი ფსიქიკურად არ იყო ჯანმრთელი, ის ვერ შესძლებდა პორტუგალიის დაბრუნებას, რის გამოც იგი რეგენტად უნდა ეცნოთ. მან მართლაც შეძლო და დაიბრუნა პორტუგალიის ტახტი. ამბიციურმა კარლოტა ხოაკინამ ასევე თავის ძმიშვილს დაუბრუნა ესპანეთის გვირგვინი, რომელიც მას ნაპოლეონმა წაართვა და თავის ძმას - ჟოზეფ ბონაპარტეს დაადგა თავზე.
1817 წელს, ჟუანმა დააქორწინა ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი და თავისი ვაჟი პედრუ, რაზეც კარლოტა ხოაკინა განრისხდა. 1821 წლიდან იგი მარტო გადავიდა კელუზოს სასახლეში, სადაც 1830 წელს გარდაიცვალა ყველასგან მიტოვებული.
გარდაცვალების შემდეგ, კარლოტა ხოაკინა ბრაზილიურ და პორტუგალიურ კულტურაში მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა გახდა. მასზე დაიწერა უამრავი წიგნი, გადაიღეს ფილმები და დადგეს სპექტაკლები. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იმის მიზეზი, რომ იგი ყველას სძულდა, იყო მისი ძალიან უხეში და ზედაპირული ხასიათი.