კამბოჯის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კამბოჯის ეკონომიკა ღია საბაზრო ეკონომიკას მიეკუთვნება და უკანასკნელ ათწლეულში სწრაფად იზრდება.[1] 2018 წელს კამბოჯის მთლიანი შიდა პროდუქტი 24.57 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[2] მიუხედავად სწრაფი ზრდისა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მცირეა. კამბოჯის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგები ტექსტილის წარმოება და ტურიზმია, თუმცა სასოფლო სივრცეებში მცხოვრები ბევრი კამბოჯელისთვის შემოსავლის მთავარი წყარო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა.[3] მომსახურების სექტორი მეტწილად სავაჭრო საქმიანობასა და კვების სფეროსთან დაკავშირებულ სერვისებზეა კონცენტრირებული. ბოლო წლებში ქვეყნის ოფშორულ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვები აღმოაჩინეს.[4]
1995 წელს კამბოჯის მშპ 2.92 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.[5] მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზიცია დაიწყო.[6] ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვნებელი 7%-ს გაუტოოლდა. ინფლაციის მაჩვენებელი 1994 წლისთვის 26%-ს უდრიდა, ხოლო მომდევნო წელს 6% შეადგინა. უცხოური დახმარებების ზრდის გამო იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდას ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მუდმივი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, 2016 წლისთვის ასეანის ქვეყნების ეკონომიკაში კამბოჯის წილი 0.71%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ინდონეზიის წილი 37.62%-ს უტოლდებოდა.[7]
4 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 1997-1998 წლებში კამბოჯის ეკონომიკის ზრდა შენელდა, მეტწილად რეგიონული ეკონომიკური კრიზისის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ იკლო. აგრეთვე, 1998 წელს გვალვების გამო მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა, თუმცა 1999 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ს გაუტოლდა.
ამჟამად კამბოჯის საგარეო პოლიტიკა მეზობელ სახელმწიფოებთან (როგორებიცაა ტაილანდი და ვიეტნამი) მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებულული, ისევე როგორც რეგიონულ (ასეანი) და გლობალურ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) სავაჭრო სისტემებთან ინტეგრირებაზე. კამბოჯის ეკონომიკის გამოწვევებს შორისაა სუსტი საგანმანათლებლო სისტემა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, კამბოჯა უცხოელი ინვესტორებისთვის სასურველი ქვეყანაა დაბალი ხელფასების, აზიის მზა ნედლეულთან სიახლოვისა და მისაღები საგადასახადო პოლიტიკის გამო.[8]