ისაბელ I კასტილიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისაბელ I კასტილიელი (ესპ. Isabel I de Castilla), მეტსახელად ისაბელ კათოლიკე (ესპ. Isabel la Católica; დ. 22 აპრილი, 1451, ავილა, ესპანეთი — გ. 26 ნოემბერი, 1504, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1474 წლიდან გარდაცვალებამდე. არაგონის დედოფალი 1479 წლიდან, როგორც ფერდინანდ II არაგონელის მეუღლე. იგი მოიაზრება გაერთიანებული ესპანეთის პირველ დე ფაქტო დედოფლად. იგი მართავდა ყველა ესპანურ სამეფოს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ 1714 წელს, ფილიპე V-მ გააერთიანა ნუევა-პლანტას დეკლარაციით.
მას შემდეგ, რაც ტახტი თავის ძმისწულ ხუანა ლა ბელტრანეხასთან ბრძოლის შემდეგ დაიკავა, მან სამთავრობო სისტემის რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია სამეფოში კრიმინალის დონის შემცირება. ასევე მან შეავსო მისი ძმის, ენრიკე IV-ის დროს დაცარიელებული ხაზინა. 1469 წელს მისი არაგონის მეფეზე ქორწინებით დაიწყო ესპანეთის გაერთიანების პროცესი.
გარდა რეფორმებისა, დედოფალი ისაბელი ასევე ცნობილია იმით, რომ მან, 1492 წელს გრანადის აღებით დაასრულა მრავალსაუკუნოვანი რეკონკისტა და საბოლოოდ აღმოფხვრა ესპანეთში მუსულმანური დასახლებები. გარდა მუსულმანებისა, მან და მისმა მეუღლემ მთელი ესპანეთიდან გააძევეს ებრაელებიც. ასევე მან დააფინანსა ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა, რასაც ამერიკის, ე.წ. „ახალი სამყაროს“ აღმოჩენა და შემდგომში ესპანეთის კოლონიურ იმპერიად ჩამოყალიბება მოჰყვა[1]. გაწეული სამსახურისათვის 1494 წელს მას პაპმა ალექსანდრე VI-მ უბოძა მედალი, „კათოლიკეს“ საპატიო წოდება და ის ქმართან ერთად გამოაცხადა „კათოლიკური ეკლესიის წმინდა მსახურად“.