იონია
From Wikipedia, the free encyclopedia
იონია — ანტიკური მხარე, რომელიც ანატოლიის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილს მოიცავს, შედის თურქეთის შემადგენლობაში. იგი იზმირთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონია, რომელსაც ისტორიულად იცნობდნენ, როგორც სმირნა. მოიცავდა იონიის კავშირის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ტერიტორიებს. იონია ცენტრალიზებული სახელმწიფო არასდროს არ ყოფილა — მისი სახელი წარმოიშვა იონელთა ტომებიდან, რომლებიც არქაულ პერიოდში (ძვ. წ. 600-480) დასახლდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ნაპირებზე. იონიაში მდებარე სახელმწიფოებისთვის ნიშანდობლივი იყო აღმოსავლეთ-ბერძნული ენის გამოყენების ტრადიცია.
თვით იონიას შეადგენდა მიწის მონაკვეთი სანაპიროს გაყოლებაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან იწყებოდა ფოკიაში, მდინარე ჰერმუსის პირას (ახლა მდინარე გედიზი) და გრძელდებოდა სამხრეთისკენ მდინარე მაეანდერამდე. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა აეოლისი, აღმოსავლეთიდან ლიდია, ხოლო სამხრეთიდან — კარია. იონიაში მდებარე ქალაქებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საბერძნეთსა და სპარსეთის იმპერიას შორის კონფლიქტში.
ბერძნული ტრადიციის მიხედვით, იონიის ქალაქები დაარსეს ეგეოსის ზღვის მოპირდაპირე მხრიდან მოსულმა კოლონისტებმა. ეს კოლონიები დაკავშირებულნი იყვნენ ატიკაში მცხოვრები იონელი ხალხის ლეგენდარულ ისტორიასთან, რომლის მიხედვითაც კოლონისტების მგზვრობას ხელმძღვანელობდნენ ნელეუსი და ანდროკლუსი — კოდრუსის, ათენის უკანასკნელი მეფის შვილები. ამ შეხედულების თანახმად, „იონელთა მიგრაცია“, როგორც მას მოგივანებით უწოდებდნენ ქრონოლოგები, ტროას ომიდან 140 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ანუ ჰერაკლეიდელების მიერ პელოპონესში დაბრუნებიდან 6 წლის შემდგომ.[1][2]