იმპრესიონიზმი (მუსიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპრესიონიზმი — 1890-1920 წლებში განვითარებული მუსიკალური სტილი, რომლის უმთავრესი წარმომადგენელია ფრანგი კომპოზიტორი კლოდ დებიუსი. ისევე, როგორც იმპრესიონიზმი მხატვრობაში და ლიტერატურაში, მუსიკალური იმპრესიონიზმი ავტორისეული შთაბეჭდილების გადმოცემას ემსახურება. აქედან გამომდინარე, განსხვავებით ვენის კლასიკური სკოლის ან რომანტიკული პერიოდისგან, კომპოზიტორის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს არა ფორმა, არამედ ბგერითი სურათი. იმპრესიონისტული ნახატის მსგავსად, ამ ბგერითი სურათის ფუნქციას წარმოადგენს მსმენელისთვის წუთიერი განწყობის და ატმოსფეროს გადმოცემა, რომელიც ეფუძნება არა კონკრეტულ მასალას, არამედ სუბიექტურ შთაბეჭდილებას. შემდგომი დამუშავების და განვითარების შედეგად მიიღება ერთგვარი ბუნდოვანი სურათი, რომელშიც კონკრეტული ფორმების გამორჩევა ხშირად შეუძლებელია.