იზაბელა ბავარიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
იზაბელა ბავარიელი (დ. 1370 — გ. 24 სექტემბერი, 1435) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. დაბადებიდან ბავარიის პრინცესა. ბავარიის ჰერცოგ სტეფან III-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია თედეა ვისკონტის ქალიშვილი. 1385 წელს მიათხოვეს საფრანგეთის მეფე შარლ VI ვალუას, რითაც 15 წლის იზაბელა საფრანგეთის დედოფალი გახდა.
იზაბელა ბავარიელი | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 23 აგვისტო 1389, ნოტრ დამი |
მმართ. დასაწყისი: | 17 ივლისი 1385 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი 1422 |
წინამორბედი: | ჟანა დე ბურბონი |
მემკვიდრე: |
მარგარიტა ანჟუელი(დე ფაქტო) მარია ანჟუელი(დე იურე) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1370 |
გარდ. თარიღი: | 24 სექტემბერი 1435 (65 წლის) |
მეუღლე: | შარლ VI, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
1.ისაბელი, ინგლისის დედოფალი 2.ჟანა, ბრეტანის ჰერცოგინია 3. მარი, პუატუს აბატისა 4.მიშელი, ბურგუნდიის ჰერცოგინია 5. ლუი, საფრანგეთის დოფინი 6.ჟანი, საფრანგეთის დოფინი 7.კატრინი, ინგლისის დედოფალი 8. შარლ VII, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | სტეფანე III, ბავარიის ჰერცოგი |
დედა: | თედეა ვისკონტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1389 წლის 23 აგვისტოს, ნოტრ-დამში მოეწყო იზაბელას კორონაცია საფრანგეთის დედოფლად. 1392 წლიდან დაიწყო შარლ VI-ის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, რამაც სამეფო ხელისუფლების შესუსტება გამოიწვია. მეფის ქმედებები თანდათანობით სულ უფრო და უფრო უკონტროლო და არაადეკვატური ხდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყნის მართვის ძალაუფლება ხელში დიდგვაროვნებმა აიღეს. მეფის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად იზაბელას ძალაუფლება იზრდებოდა, რადგან შარლი მას ყველაფრის ნებას რთავდა და ზოგჯერ მისი სახელით მოქმედების უფლებასაც აძლევდა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ის შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დედოფალი იყო. მას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა თავის ვაჟზე, რომელიც საფრანგეთის დოფინი იყო. სულ მალე კი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც, იზაბელა აკონტროლებდა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებს.
შარლ VI-ის ავადმყოფობამ კატასტროფული შედეგები მოუტანა საფრანგეთს. როდესაც ევროპის მონარქებმა დაინახეს, რომ საფრანგეთის მეფე ამგვარ დღეში იყო, ერთხმად გამოუცხადეს ომი. მას აუჯანყდა ბრეტანის საჰერცოგო, ინგლისის სამეფო, რომელსაც ტახტზე ჰქონდა პრეტენზია, ამასთან ბურგუნდია, ნავარა, ორლეანი და არმანიაკის ჰერცოგი. იზაბელამ კი ყველაზე არახელსაყრელი პოზიცია აირჩია და ყველა მათგანთან ომი გააჩაღა. ამას კი მოჰყვა ქვეყანაში ინგლისელებისა და ბურგუნდიელების შემოჭრა. მათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს. 1407 წელს მეფის გარე ბიძაშვილმა, ბურგუნდიის ჰერცოგმა ორლეანს ალყა შემოარტყა, თუმცა დამარცხდა. 1419 წელს დაიდო ტრუას ხელშეკრულება, რომელსაც იზაბელაც დაესწრო. ამის მიხედვით მისი ქალიშვილი კატრინი ინგლისის მეფეს უნდა მისთხოვებოდა და ამით უნდა გაჩერებულიყო ინგლისი. ამასთან ფრანგები თმობდნენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს და შარლ VI-ის და მისი ვაჟის შარლ VII-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი ინგლისელებს უნდა დარჩენოდათ. 1422 წელს შარლ VI ბრეტანის ჰერცოგთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
საფრანგეთის მეფე ხელშეკრულების თანახმად მისი ვაჟი შარლ VII გახდა, თუმცა ხელშეკრულების მეორე პუნქტი, რომ რეგენტი ინგლისის მეფე ჰერნი V უნდა გამხდარიყო დაირღვა და რეგენტი იზაბელა გახდა. ამან ინგლისელთა განრისხება და საფრანგეთში შემოჭრა გამოიწვია. მათ აიღეს პარიზი, ტახტიდან შარლი ჩამოაგდეს და მეფედ ჰენრი VI ეკურთხა, შარლი კი დოფინად გამოცხადდა და სამეფო ოჯახთან ერთად შიონში გადასახლდა. ამ დროისთვის მთლიანად ჩრდილოეთ და დასავლეთ საფრანგეთი ოკუპირებული იყო ინგლისელებისა და ბურგუნდიელების მიერ. იზაბელა თავისი საშინელი პოლიტიკით დაღუპვისაკენ მიექაჩებოდა საფრანგეთს. მას სძულდა თავისი ვაჟი შარლ VII, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა მის მოშორებას. თუმცა ორლეანელმა ქალწულმა ჟანა დ'არკმა თავისი მუხლჩაუხრელი ბრძოლით საფრანგეთი იხსნა, გაანთავისუფლა ორლეანი, სენ-დენი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და შარლ VII საფრანგეთის მეფედ აკურთხა. მიუხედავად ამისა, იზაბელას ინტრიგების წყალობით ჟანა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და კოცონზე დაწვეს.
იზაბელა ბავარიელი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე საშინელ დედოფლად ითვლება და სწორედ მის პოლიტიკას და ინტრიგებს აწერებენ ასწლიან ომში საფრანგეთის არაერთ მარცხს.