ელიზაბეტ დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტ დე ბურბონი (ფრანგ. Élisabeth de Bourbon, ესპ. Isabel de Borbón; დ. 22 ნოემბერი, 1602, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი — გ. 6 ოქტომბერი, 1644, ესკორიალის სასახლე, მადრიდი, ესპანეთი), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის უფროსი ასული. საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უმცროსი და. ესპანეთის დედოფალი 1621-1644 და პორტუგალიის დედოფალი 1621-40 წლებში როგორც ფილიპე IV-ის პირველი მეუღლე. ასტურიის პრინც ბალთაზარ კარლოსისა და საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის დედა, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ბებია და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის დიდი ბებია.
ელიზაბეტ დე ბურბონი | |
---|---|
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი, 1621 |
მმართ. დასასრული: | 6 ოქტომბერი, 1644 |
წინამორბედი: | მარგარეტ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარიანა ავსტრიელი |
პორტუგალიის და ალგარვის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი, 1621 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1640 |
წინამორბედი: | მარგარეტ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ლუიზა დე გუსმანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1602 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 6 ოქტომბერი, 1644, (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფილიპე IV, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
ბალთაზარ კარლოსი, ასტურიის პრინცი მარია ტერეზა, საფრანგეთის დედოფალი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ანრი IV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1615 წელს ესპანეთ-საფრანგეთის ალიანსის გასაგრძელებლად ელიზაბეტი ცოლად შერთეს ესპანეთის პრინც ფილიპეს, ხოლო საფრანგეთის მეფე ლუი XIII-მ ესპანეთის ინფანტა ანა ავსტრიელზე იქორწინა. 1660 წელს ამავე ალიანსის გასაგრძელებლად, უკვე მათმა შვილებმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ და ესპანეთის ინფანტა მარია ტერეზამ იქორწინეს.
მართალია, იგი პოლიტიკურად დიდად აქტიური პიროვნება არ იყო, თუმცა აქტიურად ერეოდა კატალონიის კრიზისში. თავისი წარმატებული სტრატეგიის და ასევე ჰერცოგ დე ნოჩერასა და ჰერცოგ დე ოლივარესის დახმარებით, მან შესძლო კატალონიური პრობლემის მოგვარება.
დედოფალი ელიზაბეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, კარგი ფიზიკური აღნაგობით, ინტელიგენტობითა და კეთილშობილებით, რომელმაც ესპანელი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისი ქმრისთვის, მეფე ფილიპე IV-ისათვის, რომ მისთვის არაერთხელ ეღალატა, რაზეც ფილიპეს ქორწინების პერიოდში გაჩენილი უკანონო შვილებიც მეტყველებენ.