ევოლუციის ქრონოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ევოლუციის ქრონოლოგია — დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების საკვანძო ეტაპების მონახაზი არსებული სამეცნიერო თეორიის მიხედვით. ბიოლოგიაში, ევოლუცია წარმოადგენს ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვლილებებს თაობათა მანძილზე. ბიოლოგიური ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე, სამეფოდან სახეობის ჩათვლით, ასევე, ინდივიდუალურ ორგანიზმებში და ისეთ მოლეკულებში, როგორიცაა დნმ და პროტეინები, არსებული მრავალფეროვნება სწორედ ევოლუციური პროცესების შედეგია. ამჟამად არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული მსგავსება მიუთითებს საერთო წინაპრის არსებობაზე, რომლისგანაც ყველა ცნობილი სახეობა, ცოცხალიცა და გადაშენებულიც, ევოლუციური პროცესების შედეგად წარმოიშვა. დედამიწაზე ოდესმე არსებულ სახეობათა 99 პროცენტზე მეტი, რაც, დაახლოებით, 5 მილიარდ სახეობას უტოლდება,[1] გადაშენებულად ითვლება.[2][3] დედამიწაზე ამჟამად არსებულ სახეობებათა რაოდენობის გაანგარიშება მერყეობს 10-დან 14 მილიონ სახეობამდე,[4] რომელთაგანაც მხოლოდ 1.2 მილიონი სახეობაა დოკუმენტირებული, ხოლო დაახლოებით 86% ჯერ აღწერილი არაა.[5] მეორეს მხრივ, 2016 წლის მაისში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით, დედამიწაზე აჟამად 1 ტრილიონ სახეობაზე მეტი არსებობს, აღწერილი კი მხოლოდ მათი 1 პროცენტის ერთი მეათასედი ნაწილია.[6]
სტატიაში მოცემული თარიღები მიახლოებითია და ემყარება ამჟამინდელ სამეცნიერო მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, ბიომრავალფეროვნების შესახებ წინააღმდეგობრივი ხედვები არსებობს. უფრო ტრადიციული მიდგომის მიხედვით, ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე დროის გასვლასთან ერთად განუხრელად იზრდებოდა. საწინააღმდეგოდ ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნების გზა ანიჰილაციისა და დივერსიფიკაციის მონაცვლეობას წარმოადგენს და წარსულის გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად, კამბრიული აფეთქების დროს, უფრო დიდი ბიომრავალფეროვნება არსებობდა.[7][8]