ეგრისის დიდი ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგრისის დიდი ომი, ასევე, ლაზური ომი — ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანიანთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.[1]
ეგრისის დიდი ომი | |||
---|---|---|---|
ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის ომების ნაწილი | |||
ეგრისის სამეფოს რუკა | |||
თარიღი | 542-562 | ||
მდებარეობა | ეგრისი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.
სპარსელი სასანიდები დათანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება გამოიწვია. ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს — ხოსრო I ანუშირვანს მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი — ქალაქი პეტრა აიღო და ბიზანტიელები განდევნა, თუმცა მალე გამომჟღავნდა შაჰის ფარული განზრახვა, რომელიც ქვეყნიდან ეგრისელთა აყრასა და მათ ადგილას სპარსელთა ჩასახლებას გულისხმობდა. 548 წელს ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ. გუბაზ მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით.[2]
მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით, რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა.[3] ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა.[4] მას ეგრისში სპარსელთა სარდალი ნაბედი დახვდა, რომელიც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს. ბესამ ჯერ აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, 551 წელს, პეტრაც აიღო. პეტრის დასახმარებლად მიმავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია, თუმცა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება მაინც მოახერხა, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა.[3] 553 წლის ზაფხულში მერმეროე ახალი ჯარით შემოვიდა ეგრსში და ტელეფისის ბრძოლაში ეგრის-ბიზანტიის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელ სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იუსტინიანემ ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა რუსტიკემ და იოანემ 554 წელს გუბაზ მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარით აღშფოთებულმა ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელების დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.
555 წელს ხოსრო I-მა ეგრისში სპარსელთა ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგონი გამოგზავნა, რომელიც ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა ციხეგოჯისა და ფოთის ბრძოლებში დაამარცხეს. ამ გამარჯვებების შემდეგ, ბიზანტიელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს რუსტიკე და იოანე.
ბიზანტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად დარჩა.[3]